საპრეზიდენტო კანდიდატები

დავით ბაქრაძე: ნაციონალური მოძრაობა არასდროს არ დაადგება რევანშის გზას

დავით ბაქრაძის Facebook-ის გვერდი

პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის შეფასებით, საზოგადოება დაიღალა მუდმივი დაპირისპირების, შუღლის და დაძაბულობისგან. როგორც მან ზუგდიდში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, უნდა შეწყდეს დაპირისპირება და მთელი ენერგია მოხმარდეს ქვეყნის განვითარებას. მისივე თქმით, პოლიტიკური ნიშნით ადამიანთა დევნა და დაპირისპირება საქართველოში ახალი არ არის. ბაქრაძის განცხადებით, ის წარმოადგენს პარტიას, რომლის მრავალი წევრიც დაპატიმრებულია და იდევნება. მან პირობა დადო, რომ ნაციონალური მოძრაობა არასდროს არ დაადგება რევანშის, სამაგიეროს გადახდის და ანგარიშსწორების გზას.

"მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს სჭირდება მომავალი პრეზიდენტი, რომელიც ორიენტირებული იქნება გამთლიანებაზე და არა გაყოფაზე; შერიგებაზე და არა მტრობაზე; შენებაზე და არა ნგრევაზე; ხალხის კეთილდღეობაზე და არა ერთმანეთთან ქიშპობაზე. სწორედ ეს იქნება ჩემი საპრეზიდენტო კამპანიის მთავარი მამოძრავებელი ღერძი - გამთლიანება, შერიგება, შენება და ხალხის კეთილდღეობა. ჩვენი ყველას მთავარი ამოცანა კი იყო და იქნება მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური, გამთლიანებული, ერთიანი, თავისუფალი, ძლიერი საქართველოს შექმნა. ისეთი ქვეყნის, სადაც თითოეული მოქალაქე თავისუფალ, ღირსეულ ადამიანად გრძნობს თავს, იმისდა მიუხედავად, თუ რომელი უმცირესობის წევრია; სადაც არავინ ხდება ძალადობის მსხვერპლი მისი არჩევანის ან წარმომავლობის გამო; სადაც თავისუფალი არჩევანია მთავარი ღირებულება და ყველას საკუთარი შრომით და ნიჭით შეუძლია მოიპოვოს კეთილდღეობა. ასეთი ქვეყანა შეძლებს მშვიდობიანად გაუმკლავდეს ყველაზე დიდ გამოწვევებს, რომელიც ჩვენს წინაშე დგას - დაასრულოს რუსული ოკუპაცია და გააქროს აქედან რამდენიმე კილომეტრში გამავალი საოკუპაციო ხაზი, რომელიც თითოეული პატრიოტის გულზე გამავალი ხაზივითაა; გახდეს NATO-ს და ევროკავშირის წევრი და საერთო ენა გამონახოს ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან", - აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატი.

კომენტარები