საპრეზიდენტო კანდიდატები

ბაქრაძე: რუსეთის აგრესია ხელისუფლების სისუსტეზე პასუხია

ხათუნა ხუციშვილი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის თქმით, მისთვის ძალიან შემაშფოთებელი სიგნალი იყო პრემიერის განცხადება, რომ "ათასი სხვა საქმის გამო" დვანში ვერ ჩავა. როგორც ბაქრაძემ ტაბულას გადაცემა ფოკუსში განაცხადა, მთავარია საკითხის მიმართ დამოკიდებულება და სხვა პრობლემებთან დვანელების გაიგივება მიუღებელია. 

"შემიძლია დავუშვა ის აზრი, რომ პრემიერი დაკავებულია და ვერ ჩადის, მაგრამ როცა ამბობს, რომ ამ ადამიანებს ვერ მოეფერება, რადგან ათასი სხვა საქმე აქვს, ეს ჩემთვის ბევრად უფრო ცუდის ნიშანია. ეს არ არის 1001-ე პრობლემა. მიუღებელია სწორედ ასეთი დამოკიდებულების ფაქტი და არა ის, ვიღაც ჩავა თუ არ ჩავა. დღეს მინისტრებმა იმართლეს თავი, რომ სადღაც მეორე სოფელში ვიყავითო. როცა მინისტრი აკეთებს განცხადებას, რომ რუსეთს სამასი მეტრისთვის ომს ვერ დაუწყებს, ამის შემდეგ, ჩავა თუ არ ჩავა მეზობელ სოფელში, ეს უკვე მეათეხარისხოვანია. ომის დაწყება არავის უნდა, მაგრამ როგორც კი შენ, ოფიციალური პირი აცხადებ, რომ მე არაფერს არ გავაკეთებ და მთავარია, რუსეთთან ურთიერთობა არ ამერიოს, ეს არის სისუსტის სიგნალი. როგორც კი ამას იტყვი, მეორე დღეს კიდევ გადმოგიწევენ საოკუპაციო ხაზს, მესამე დღეს კიდევ და ა.შ.", - განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, ხანდახან ხელისუფლებას უკვირს, რომ ტონის შერბილების საპასუხოდ, რუსეთისგან აგრესიას და საოკუპაციო ზოლის გადმოწევას იღებს. ბაქრაძის შეფასებით, ეს სისუსტის ბრალია.

"როგორც კი შენ აგზავნი სისუსტის, ყოყმანის და ორჭოფობის სიგნალს, რუსეთის მხრიდან მაშინვე მოდის საპასუხო რეაქცია და და ეს რეაქცია არის მეტი აგრესია. თუ შენ რუსეთს მისცემ სიგნალს, რომ სწავლობ ევრაზიული კავშირის თემას და მზად ხარ განიხილო ეს პერსპექტივა, რუსეთის მყისიერი რეაქცია იქნება ის, რომ შეგიქმნას ბევრად მეტი პრობლემა, მეტი ზეწოლა განახორციელოს, რომ უფრო ბეჯითად ისწავლო ეს შესაძლებლობა და ვაიდა, ხვალ მართლა შეხვიდე ევრაზიულ კავშირში. როცა შენ რუსეთს ეტყვი ათასჯერ, რომ მე პოსტსაბჭოთა სივრცეში არ ვბრუნდები და მივდივარ ევროკავშირში, 1001-ედ ის ხელს ჩაიქნევს და იტყვის, რომ, როგორც ჩანს, ესენი მართლა ევროკავშირში მიდიან და აზრი არ აქვს, დავანებებ თავს. მაგრამ როგორც კი შენ ერთხელ ეტყვი, რომ მზად ხარ შეისწავლო ევრაზიული კავშირი, ეს არის მისთვის სიგნალი, რის გამოც, უფრო მეტად მოგაწვება და მიგაყენებს კუთხეში", - თქვა ბაქრაძემ ფოკუსში. 

კომენტარები