საპრეზიდენტო კანდიდატები

ბურჯანაძე: მარგველაშვილი მეორე ტურისთვის მოემზადოს

პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე გიორგი მარგველაშვილს ურჩევს, მეორე ტურისათვის მოემზადოს. როგორც დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა იმერეთში წინასაარჩევნო შეხვედრებისას განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებში მონაწილეობა ყველა ამომრჩეველმა მიიღოს.

"ჩვენ ყველა ვაფასებთ იმ ღვაწლს, რომელიც ბიძინა ივანიშვილს აქვს ქვეყნის წინაშე, მათ შორის, პირველ ოქტომბერს, მაგრამ ადამიანებს ესმით, რომ ხათრით პრეზიდენტის არჩევა არ შეიძლება. ხალხმა კარგად იცის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია 27-ში ყველა მოვიდეს არჩევნებზე და აირჩიოს ის ადამიანი, ვისაც აქვს ქვეყნის მართვის კომპეტენცია, გამოცდილება და ცოდნა. მე ვხედავ იმას, რომ  ჩემი და მოსახლეობის ხედვები ძირითადად ემთხვევა ერთმანეთს. შემიძლია ვთქვა, რომ ადამიანები ზუსტად ისე აფასებენ მოვლენებს, როგორც მე და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანები იაქტიურებენ და დამიჭერენ მხარს. ყველაზე უარეს შემთხვევაში, იქნება მეორე ტური, ამიტომ მინდა ვთქვა, რომ არანაირ 60, 65 და მით უმეტეს 75%-ს გიორგი მარგველაშვილი ვერ მიიღებს. ეს არის ტყუილი, ასევე ტყუილია ის, რომ ბაქრაძეს მეორე ადგილზე გასვლის რაიმე შანსი აქვს. ეს ვიღაცების სურვილია როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით, მაგრამ მოსახლეობის სურვილი ნამდვილად არ არის. მე ვურჩევ ბატონ მარგველაშვილს, მოემზადოს მეორე ტურისათვის და კარგი იქნება, თუ დებატებშიც დაჯდება ჩემთან და მოასმენინებს ხალხს - თავად როგორ აპირებს ქვეყნის პრობლემების გადაწყვეტას", - განაცხადა ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, კოალიცია ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ვარაუდობს, რომ არჩევნებში ხმების 70-75%-ს მიიღებს.

"კითხვაზე, იქნება თუ არა მეორე ტური, პასუხი არის ერთმნიშვნელოვანი - არა. თუ ასე ძალიან ვცდებით შეფასებებში, თუ ბიძინა ივანიშვილსაც და მეც ასე ძალიან გვეშლება და გვგონია, რომ ამომრჩეველთა უდიდესი უმრავლესობა ჩვენ გვაძლევს ხმას, მაშინ ასევე არასწორად დაგვიგეგმავს რეფორმები და ქვეყნის განვითარება. თუ 27 ოქტომბერს ჩვენი და ჩვენი ოპონენტების ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი მივა საარჩევნო ყუთთან, ვვარაუდობ, რომ ხმების 70-75%-ს მივიღებ", - აღნიშნავს გიორგი მარგველაშვილი კვირის პალიტრასთან საუბარში.

ჟურნალისტებთან რამდენიმე დღის წინ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა მარგველაშვილს ურჩია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემთხვევაში, მასში მონაწილეობა არ მიიღოს. მოგვიანებით, ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატმა ასევე დაადასტურა, რომ მეორე ტურის საჭიროების შემთხვევაში საკუთარ კანდიდატურას მოხსნის.

კომენტარები