საპრეზიდენტო კანდიდატები

დავით ბაქრაძე მთავრობას ეკონომიკის გასაჯანსაღებლად თანამშრომლობას სთავაზობს

დავით ბაქრაძის Facebook-ის გვერდი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე მთავრობას ეკონომიკურ ინიციატივებს სთავაზობს. როგორც ბაქრაძემ ზუგდიდში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, ყველა ხედავს, რომ დღევანდელ მთავრობას არ ჰყოფნის გამოცდილება და კომპეტენცია - თავიდან აიცილოს ეკონომიკური კრიზისი.

"მე, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალის საპრეზიდენტო კანდიდატი, მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო და ვიმუშაო ყველა პოლიტიკურ ძალასთან, მათ შორის - მთავრობასთან ერთად -  ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ. სწორედ ეს უნდა იყოს ახალი პრეზიდენტის ძირითადი ამოცანა: გააკონტროლოს მთავრობა ხალხთან ერთად, რომ საკუთარი ენერგია და რესურსი მთავრობამ დახარჯოს საარჩევნო დაპირებების შესასრულებლად. რა თქმა უნდა, საარჩევნოდ ქართულმა ოცნებამ ბევრი ისეთი დაპირება გასცა, რომელიც შეუსრულებადია. შეცდომა იყო იმის მოლოდინი, რომ ერთი მდიდარი ადამიანი საკუთარ ფულს დახარჯავდა და ამით გადაწყდებოდა ყველა პრობლემა. დღეს უკვე ბევრი ხედავს ამას. მაგრამ ქართველი ხალხი სამართლიანად ელის, რომ ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება, ოჯახებს უფრო მეტი შემოსავალი ექნება, ჯანდაცვა უფრო ხელმისაწვდომი გახდება, გლეხები და მთლიანად სოფელი წელში გაიმართება. ვთავაზობ მთავრობას, ერთად გადავდგათ სამი ნაბიჯი ეკონომიკის გაჯანსაღების და ასეულობით ათასი ქართული ოჯახის უკეთ ცხოვრებისთვის", - აცხადებს დავით ბაქრაძე. მისი აზრით, უნდა გაგრძელდეს გადასახადების შემცირება, რითიც თითოეული ოჯახი მეტ შემოსავალს მიიღებს. ასევე, პრეზიდენტობის კანდიდატის ინიციატივით, ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას ახალი რეგულაციების შემოღებაზე, რითაც შექმნის სტაბილურ საინვესტიციო გარემოს და მოიზიდავს ინვესტიციებს. დავით ბაქრაძე მთავრობას ასევე სთავაზობს ეკონომიკურ ამნისტიას და ბიზნესის სრულ დეკრიმინალიზაციას, რითიც, მისი აზრით, ბიზნესს დაცულობის განცდა შეექმნება.
"სწორედ დაცული და გაფართოებული ბიზნესის შედეგად, შევქმნით ახალ სამუშაო ადგილებს. მე მზად ვარ, ვიმუშაო მთავრობასთან და უამრავ საკითხზე განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, მივაღწიო იმას, რაც ხალხს უნდა - მეტი სამუშაო ადგილი, უკეთესი ანაზღაურება და უფრო მეტად დაცული ოჯახები", - აცხადებს პრეზიდენტობის კანდიდატი.

დავით ბაქრაძე ზუგდიდში მოსახლეობას ხვდება და სიტყვით მიმართავს. პარალელურად აქცია მიმდინარეობს. მონაწილეები ბაქრაძის ზუგდიდში ჩასვლას აპროტესტებენ. აქციის ორგანიზატორები კახა მიქაია და ლალი ანთია არიან. მათი თქმით, ბაქრაძეს ზუგდიდში ჩასვლის მორალური უფლება არ აქვს.

კომენტარები