საპრეზიდენტო კანდიდატები

დავით ბაქრაძე: ვიცი, როგორი უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული დიალოგი რუსეთთან

დავით ბაქრაძის Facebook-ის გვერდი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე ზუგდიდში წინასაარჩევნო შეხვედრას მართავს. ბაქრაძემ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე ისაუბრა. მისი შეფასებით, 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები არის ქვეყნის განაცხადი მსოფლიოს წინაშე - რა გზას ადგას და საით ისწრაფვის. დავით ბაქრაძე ევრაზიულ კავშირში შესვლის პერსპექტივას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მონობის პერსპექტივას შესწავლა არ სჭირდება. მისი თქმით, ვლადიმირ პუტინის ფეხქვეშ გაგებას არ აქვს პლუსები და მინუსები.

"უთავმოყვარეობა და კაპიტულაცია არასოდეს არის სასარგებლო. სწორედ ამიტომ მჭირდება თქვენი მანდატი, რომ მთავრობამ არ გადადგას საბედისწერო ნაბიჯები, რომელიც ქვეყანას თავისუფლებას დააკარგვინებს. მე მინდა ურთიერთობების გაუმჯობესება რუსეთთან, მაგრამ ეს ურთიერთობა არ გაუმჯობესდება საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე. რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება კარგია, მაგრამ ეს ურთიერთობები გაუმჯობესდება მხოლოდ მაშინ, თუ რუსეთი მიხვდება - შეუძლებელია საქართველოს დამორჩილება, მისი გადაყვანა არჩეული გზიდან. ასე იყო ლიტვაში, ლატვიაში, პოლონეთში, ჩეხეთში, ესტონეთში და ასე იქნება საქართველოშიც. კარგია, თუ სრულად გაიხსნება რუსული ბაზარი და იქ ქართული პროდუქცია დაბრუნდება, მაგრამ ეს არ მოხდება უაზრო დათმობების, ევროპული კურსიდან გადახვევის, ოკუპაციაზე თვალის დახუჭვის ხარჯზე", - განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა და აღნიშნა, რომ მან იცის, რას ნიშნავს რუსეთთან დიალოგი.

"მე ვიყავი  იმ მოლაპარაკებების მონაწილე, რომლის შედეგადაც საქართველოდან გავიდნენ რუსი მესაზღვრეები. მე ვიყავი იმ მოლაპარაკებების მონაწილე, რომლის შედეგადაც 1999 წელს რუსეთი დათანხმდა საქართველოდან ბაზების გაყვანას. ამიტომ მე ვიცი, როგორი უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული დიალოგი რუსეთთან - კონსტრუქციული, მშვიდი, მაგრამ ამავე დროს უკიდურესად პრინციპული, კრიტიკული და ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული. და ნებისმიერი სხვა ფორმა - თავის დახრა, კრიტიკაზე უარის თქმა, პირფერობა - მხოლოდ საპირისპირო შედეგამდე მიგვიყვანს", - დასძინა დავით ბაქრაძემ. მისივე შეფასებით, ზოგიერთ საპრეზიდენტო კანდიდატს აქვს ოკუპანტის კარზე ხლების, თავის დახრის და დამორჩილების გამოცდილება, ზოგიერთი კანდიდატის გამოუცდელობა კი, საქართველოს ნაბიჯ-ნაბიჯ აბრუნებს რუსეთთან - ევრაზიული კავშირის შესწავლის, სომხეთის საგარეო პოლიტიკის მოწონების, რუსეთის ფედერაციის ჯაშუშების გმირებად გათავისუფლებისა და სამართალდამცავებში შევარდნაძისდროინდელი კადრების დაბრუნების გზით.

"არც ერთბაშად რუსეთში დაბრუნება და არც ნაბიჯ-ნაბიჯ რუსეთისკენ სვლა არ შეიძლება იყოს ღირსეული მომავალი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი შვილებისთვის.თავისუფლება და ევროპული მომავალი მიიღწევა არა დათმობებით, არამედ პრინციპულობით და საკუთარი ინტერესების დაცვით. გავიხსენოთ 20 წლის წინანდელი საქართველო, როდესაც საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა შევარდნაძემ ყველაფერი დაუთმო რუსეთს - შევედით დსთ-ში, საქართველოში 25 წლით დაკანონდა რუსული ბაზები, ძალოვან მინისტრებად დაინიშნენ მოქმედი რუსი გენერლები. და შედეგად რა? არცერთი გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის გასამთლიანებლად და პირიქით - ტერაქტი, არეულობა და იმ დამთმობი პრეზიდენტის მოცილების მცდელობა. გავიხსენოთ ისტორია და 20 წლის შემდეგ ნუღარ დავუშვებთ იგივე შეცდომას. ახალი მთავრობა ამბობდა, რომ დაალაგებდა ურთიერთობას რუსეთთან და ამიტომ გამოუშვა მისი ჯაშუშები; ამბობდა, რომ ურთიერთგაგებას მიაღწევს რუსეთთან და ამიტომ აბრალებდა საკუთარი ქვეყნის მთავრობას ომის დაწყებას, ამიტომ იღებს სამარცხვინო ცვლილებებს ოკუპაციის კანონში, ამიტომ აცხადებენ, რომ საქართველო აღარ უნდა იყოს დავის საგანი დასავლეთსა და რუსეთს შორის. და რა მივიღეთ პასუხად რუსეთისგან?" - კითხულობს დავით ბაქრაძე და თავადვე პასუხობს. მისი თქმით, საქართველომ რუსეთისგან მიიღო გადმოწეული ოკუპაციის ხაზი, მავთულხლართები, მეტი მოტაცებული და გამოსასყიდის საფასურად დაბრუნებული მოქალაქე.

"და ბოლოს, ძველი მოთხოვნა, რომ ვაღიაროთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და უარი ვთქვათ NATO-სა და ევროკავშირზე. ამიტომ დათმობების გზა ჩიხია. ჩვენ უნდა შევქმნათ რუსეთთან ცივილიზებული ურთიერთობის ისეთი მოდელი, რომელიც არასოდეს გვქონია და ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენ ვიქნებით NATO-სა და ევროპის ნაწილი. ჩვენ პოლიტიკურ თაობას ისტორიული მისია აქვს - მივაღწიოთ საქართველოს დაბრუნებას ევროპაში. არ უნდა შევცდეთ, არ უნდა შევშინდეთ და არ უნდა დავიღალოთ. და სწორედ ეს არის ერთი მიზეზი, რატომ არის მნიშვნელოვანი მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები და ამ არჩევნებით განსაზღვრული ქვეყნის მომავალი", - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატმა. 

კომენტარები