უწყებათაშორისი კომისია

უწყებათაშორისი კომისიის წინასაარჩევნო რეკომენდაციები

უწყებათაშორისი კომისია რამდენიმე უწყებას რეკომენდაციით მიმართავს. როგორც იუსტიციის სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, იუსტიციის სამინისტროსთან არსებული უწყებათაშორისი კომისია მიესალმება სხვადასხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციის წინასაარჩევნო ვიზიტებს საქართველოში. კომისია მხედველობაში იღებს ამ ვიზიტებისას გამოთქმულ მოსაზრებებს, მიზნად ისახავს საზოგადოებას მიაწოდოს რეგულარული და ყოვლისმომცველი ინფორმაცია მის წინაშე წამოჭრილი საარჩევნო საკითხების შესახებ, და რეკომენდაცით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და პარლამენტს.

"პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ დაასახელოს, ხოლო ცესკომ ან პარლამენტმა სასწრაფოდ დაამტკიცოს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ისეთი კანდიდატურა, რომელიც პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ნდობით ისარგებლებს", - ნათქვამია განცადებაში. უწყებათაშორისი კომისია ასევე რეკომენდაციით მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასამართლოებს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, იუსტიციის სამინისტროს, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო სუბიექტებს და იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს.

"პოლიციამ და სასამართლოებმა უზრუნველყონ, რომ საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შემთხვევებში მოთხოვნილი და გამოყენებული სანქციები დარღვევის პროპორციული იყოს, რათა ემსახურებოდეს მომავალში მსგავსი დარღვევების პრევენციას. ცესკომ, იუსტიციის სამინისტრომ, პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა განახორციელონ ყოვლისმომცველი საგანმანათლებო ღონისძიებები, რათა მოქალაქეები ფლობდნენ ინფორმაციას ამომრჩეველთა სიებში საკუთარი თავის გადამოწმებისა და, საჭიროების შემთხვევაში, რეგისტრაციის სტატუსის განახლების აუცილებლობის შესახებ. იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტომ გამოაქვეყნოს რეგისტრაციიდან მოხსნილთა სია გვარის, სახელის, დაბადების თარიღისა და პირადი ნომრის მითითებით, რათა სერვისების განვითარების სააგენტოსათვის საარჩევნო კანონით 20013 წლის 21 აგვისტოს დაკისრებული მოვალეობის შესრულება გაადვილდეს და რეგისტრაციიდან მოხსნილთა მაქსიმალურად დიდმა ოდენობამ შეიტყოს იმის შესახებ, რომ 2013 წლის 10 ოქტომბრამდე აქვთ ვადა უფასო პირადობის მოწმობის ასაღებად და საარჩევნო სიაში რეგისტრაციისათვის", - ნათქვამია უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციებში.

აღსანიშნავია, რომ ამ რეკომენდაციებით კომისიას NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაციამ მიმართა. როგორც გუშინ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, NDI-ის რეკომენდაციები უწყებათაშორისმა კომისიამ საკუთარ რეკომენდაციებად აქცია. 

ამასთან, სერვისების განვითარების სააგენტომ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილი მოქალაქეების სრული სია დღეს უკვე გამოაქვეყნა. სააგენტოს ცნობით, რეგისტრაციიდან მოხსნილი პირი საარჩევნო სიაში იმ შემთხვევაში მოხვდება, თუ რეგისტრაციას 10 ოქტომბრის ჩათვლით გაივლის. ამასთან, ის მიიღებს პირადობის ახალ მოწმობას უფასოდ და გათავისუფლდება რეგისტრაციის წესების დარღვევის გამო დაწესებული ჯარიმისაგან (5 ლარი).

კომენტარები