აშშ-ის დელეგაციის ვიზიტი

ბიძინა ივანიშვილი აშშ-ის უწყებათაშორის დელეგაციას შეხვდა

facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

საქართველოს პრემიერმინისტრი, ბიძინა ივანიშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციას შეხვდა. დელეგაცია საქართველოს წინასაარჩევნო გარემოს გაცნობის მიზნით ეწვია.

აშშ-ის უწყებათაშორის დელეგაციას, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე თომას მელია ხელმძღვანელობს, პრემიერმა ბიზნესცენტრში სამუშაო სადილზე უმასპინძლა. დელეგაციაში შედიან აშშ-ის სახელმწიფო, თავდაცვისა და იუსტიციის დეპარტამენტების წარმომადგენლები.

მანამდე დელეგაცია საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მიიღო. მასთან ერთად შეხვედრას შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თამარ ქაროსანიძე და მიხეილ დარჩიაშვილი დაესწრნენ.

შეხვედრაზე ამერიკასა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ქართულმა მხარემ ამერიკელ სტუმრებს საქართველოს თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების პროცესს და გამჭვირვალობის გაზრდისა და საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების მიზნით, თავდაცვის სისტემაში ბოლო პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებს. ასევე ისაუბრეს პერსონალის მართვისა და სამხედრო განათლების საკითხებზე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები მაქსიმალურად ობიექტურად ჩატარდება და ყველა სამხედრო მოსამსახურეს თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ექნება. 

 

კომენტარები