აშშ-ის დელეგაციის ვიზიტი

პატრიარქი ამერიკის დელეგაციას შეხვდა

პატრიარქის შეხვედრა აშშ-ის დელეგაციასთან
netgazeti.ge

საქართველოს პატრიარქი ილია მეორე აშშ-ის დელეგაციას შეხვდა. საქართველოში ამერიკის საელჩოს ინფორმაციით, პატრიარქი და დელეგაციის წევრები შეთანხმდნენ, რომ უმცირესობის უფლებებისა და რელიგიური თავისუფლების საკითხებზე საქართველოში მიმდინარე სამოქალაქო დიალოგის პროცესში ძალადობის ადგილი არ არის. 

დელეგაცია, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში, თომას მელია ხელმძღვანელობს, ილია მეორემ საპატრიარქოში მიიღო. შეხვედრაზე პატრიარქმა და თომას მელიამ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაზე, დემოკრატიული პროცესების განვითარების აუცილებლობაზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და სირიაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს. პატრიარქმა ამერიკის დელეგაციას მიმართა, დაეხმარონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში. პატრიარქმა რუსეთში პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მას მოლაპარაკებები ჰქონდა პუტინთან. ილია მეორე მიიჩნევს, რომ აფხაზეთის კონფლიქტი ხელოვნურად შექმნილი პრობლემაა.

"მე შევხვდი პუტინს და ვუთხარი, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს ღია ჭრილობაა. თითქოს იმედს იძლევიან, მაგრამ შედეგი არ ჩანს", - აღნიშნა ილია მეორემ.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამშემწემ თომას მელიამ კი, საქართველოს პატრიარქს უთხრა, რომ ამერიკა კვლავაც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებას.

"ჩვენ ძალიან მოხარული ვიყავით პატრიარქთან შეხვედრის შესაძლებლობით. ვისაუბრეთ იმ საშუალებებზე, რაც საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის არის საჭირო, ვისაუბრეთ მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე. იმაზე, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიულ პროცესებში თითოეული მოქალაქის ჩართულობას, შევთანხმდით, რომ არ უნდა იყოს გამოყენებული ძალადობა. პატრიარქმა ხაზი გაუსვა, თუ რა დიდია მართლმადიდებელი ეკლესიის როლი საყოველთაო შემწყნარებლობის საქმეში", - აღნიშნა თომას მელიამ.

კომენტარები