ბოლნისის მუნიციპალიტეტს საკრებულოს ახალი თავმჯდომარე და გამგებელი ჰყავს. საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე დეპუტატებმა მხარი ჯონი ხეცურიანს დაუჭირეს. ასევე, დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა ბოლნისის გამგებლად ალექსანდრა ობოლაძე აირჩიეს.
ბოლნისის ახალი გამგებელი პროფესიით იურისტია და დღემდე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის იურიდიული დახმარების სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა. ალექსანდრა ობოლაძის განცხადებით, გამგეობაში საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს და მაქსიმალურად შეეცდება, ბოლო დროს ბოლნისის გამგეობასა და საკრებულში განვითარებული მოვლენების გამო შექმნილი კრიზისული მდგომარეობა მშვიდობიანად დასძლიოს.
შეგახსენებთ, რომ ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ ერაძე 26 აგვისტოს პოსტიდან გადააყენეს. საკრებულოს წევრებმა გადაწყვეტილება რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს. მათი აზრით, ის დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ართმევდა. რიგგარეშე სხდომის პარალელურად ინციდენტიც მოხდა. მალხაზ ერაძის მხარდამჭერები გამგეობის შენობაში შეიკრიბნენ და სხდომაზე შესვლას ცდილობდნენ. თუმცა, ამის საშუალება მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს. რამდენიმე დღის შემდეგ, ერაძემ ქართული ოცნება დატოვა და საქართველოს პატრიოტთა ალიანსს შეუერთდა. ერაძის განცხადებით, საკრებულოს 13 წევრის მიერ რიგგარეშე სხდომაზე მისი გადაყენება უკანონო იყო. მისი თქმით, აღნიშნული სხდომის ოქმი გაყალბებულია. როგორც პრაიმტაიმის პრესკლუბში ერაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი პოსტიდან გადაყენება ნაციონალური მოძრაობის წევრებს სურდათ და მათ ქართული ოცნებაც უჭერდა მხარს. 4 სექტემბერს კი, ბოლნისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ბოლნისის პოლიციამ დაკითხა.





