ბოლნისის საკრებულოს წევრებმა თავმჯდომარე მალხაზ ერაძე თანამდებობიდან გადააყენეს. აღნიშნული გადაწყვეტილება რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს. მათი აზრით, ის დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ართმევდა.
საკრებულოს შენობაში რიგგარეშე სხდომის პარალელურად ინციდენტიც მოხდა. მალხაზ ერაძის მხარდამჭერები გამგეობის შენობაში შეიკრიბნენ და სხდომაზე შესვლას ცდილობდნენ. თუმცა, ამის საშუალება მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს.
თავად ერაძე სხდომას არ დასწრებია და მხარდამჭერებთან ერთად შენობაში იმყოფებოდა. მან მანამდე მოითხოვა, სხდომა ღია რეჟიმში ჩატარებულიყო და მოსახლეობა დასწრებოდა, თუმცა დეპუტატებმა ამის საშუალება არ მისცეს.
მხარდამჭერები ამბობენ, რომ დეპუტატები ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს ატარებენ და სხდომა უკანონოდ ჩატარდა.
დეპუტატები ამ დრომდე სხდომათა დარბაზიდან ვერ გამოდიან, რადგან გამგეობის შენობაში მალხაზ ერაძის მხარდამჭერები კვლავაც იმყოფებიან. დეპუტატები აცხადებენ, რომ დარბაზს დაპირისპირების თავიდან არიდების მიზნით ვერ ტოვებენ.





