ბაჩო ახალაიას საქმე

მოსამართლემ ბაჩო ახალაიას ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

Georgia's former Interior Minister Bacho Akhalaia speaks to media at the prosecutor's office in Tbilisi
Irakli Gedenidze / REUTERS

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლაშა ჩხიკვაძემ ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე, სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას ადვოკატების შუამდგომლობა, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, არ დააკმაყოფილა. მოსამართლის განმარტებით, დევნის შეწყვეტის შუამდგომლობა პროცედურის მიხედვით, წინასასამართლო სხდომაზე უნდა დაეყენებინათ.

ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დასაწყისში ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა მოითხოვეს. არგუმენტად დაცვის მხარემ გამოძიების ხანდაზმულობა დაასახელა. ადვოკატ გოგა ონიანის განმარტებით, ციხის ბუნტის საქმეზე, 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებას გულისხმობს, ბაჩო ახალაის მიმართ გამოძიება 2006 წელს დაიწყო.

"თუმცა ეს საქმე წლების განმავლობაში იდო. 2012 წლის 27 მარტს ხანდაზმულობის ვადა ამოიწურა და, შესაბამისად, გამოძიების გაგრძელების შესაძლებობა აღარ არსებობდა. პროკურატურამ იგივე ბრალდებით გააგრძელა გამოძიება, რის უფლებაც არ ჰქონდა", - აცხადებს ადვოკატი.

რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, სხდომაზე მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს. ბაჩო ახალაია პროკურორმა რევაზ ნადოიმ დაადანაშაულა 2006 წლის 27 მარტს მომხდარი ბუნტის დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებაში და პატიმრების მიმართ ღირსების შემლახველ მოპყრობაში. როგორც პროკურორმა შესავალ სიტყვაში აღნიშნა, ბაჩო ახალაია ცდილობდა პატიმრების გამოყენებით, კერძოდ, ე.წ. კანონიერი ქურდის პლატონ მამარდაშვილის მეშვეობით, გაექარწყლებინა საზოგადოებაში დამკვიდრებული აზრი, რომლის მიხედვითაც, იგი პატიმრებს ფიზიკურად სიმთვრალეში უსწორდებოდა.

ბრალდებულ ბაჩო ახალაიას განცხადებით, მას არ ეგონა, თუ პროკურატურა კრიმინალების გვერდით აღმოჩნდებოდა და პროკურორები ქურდულ სამყაროსთან ერთად დაუპირისპირდებოდნენ. როგორც ყოფილმა მინისტრმა შესავალი სიტყვის წარმოთქმისას აღნიშნა, გასაკვირი არ არის პროკურატურის პოზიცია, როდესაც, მისი თქმით, მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ქურდული სამყაროს წევრის შაქრო კალაშოვის ადვოკატი იყო.

"ახლა კი ვიწყებთ იმის მტკიცებას, რომ ადგილი არ ჰქონია იმ სცენარს, რომელიც პროკურორმა დღევანდელ პროცესზე დაასახელა. ეს იგივე სცენარია, თითქოს მე ვიყავი მარსზე და პროკურორი და ქურდები ერთად მიმტკიცებენ, რომ მე მარსზე მნახეს. ქურდების ჩვენებები წლების განმავლობაში იცვლებოდა და კიდევ შეიცვლება ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად. ამ შემთხვევაში პროკურატურა არის პოლიტიკურად მოტივირებული და არა სამართლებრივად", - განაცხდა ბაჩო ახალაიმ და აღნიშნა, რომ პროკურატურიდან დღეს მოსმენილი შესავალით გაკვირვებულია.

"ეს პროკურორმაც თქვა, აქამდეც მქონდა გაგონილი 2006 წელს. ეს იყო პერიოდი, როდესაც სახელმწიფო ქურდულ სამყაროს ციხის მენეჯმენტს რეალურად ართმევდა. იმ ისტორიას, რაც პროკურორის მხრიდან მოვისმინე, ადგილი არ ჰქონია, არ მეგონა, თუ პროკურატურა კრიმინალების გვერდით აღმოჩნდებოდა და მე საქმე მექნებოდა გაერთიანებულ ქურდულ სამყაროსთან და პროკურატურასთან ", - განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ციხის ბუნტის სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულად ცნეს კრიმინალური ავტორიტეტები ნიკოლოზ მახარაძე, მალხაზ ბედელაშვილი, პლატონ მამარდაშვილი, ზურაბ ვიბლიანი, გიორგი ავალიანი და ლევან ცინდელიანი. ბაჩო ახალაიას გარდა, ციხის ბუნტის საქმეში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულები არიან დავით ჭაკუა, რევაზ ჭარბაძე და მეგის ქარდავა. საქმე ეხება 2006 წლის 27 მარტს მომხდარ ციხის ბუნტს. მთავარი პროკურატურის მტკიცებით, ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლების უკანონო ქმედებას პატიმრების აქტიური პროტესტი მოჰყვა, რაც ბუნტში გადაიზარდა.

 

კომენტარები