ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა

ივანიშვილი: პოლიტიკაში დაბრუნებას აღარ ვაპირებ

fb.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

საქართველოს პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, დაბრუნებას აღარ აპირებს. როგორც მან ესტონელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მისი მისია პოლიტიკიდან ნაციონალური მოძრაობის გაშვება იყო.

"მე მოვახერხე და ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკიდან გავისტუმრე. ჩემი მისია შევასრულე. საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე კვირაში მეც მივდივარ პოლიტიკიდან. ჩემი როლი პოლიტიკაში უკვე შევასრულე. მე შევებრძოლე არსებულ ხელისუფლებას, რომელიც არ იყო დემოკრატიული, მოვახერხე ცვლილებები. დავტოვებ ძალიან კარგ გუნდს. ვფიქრობ, ჩემი ახალი როლი უფრო საინტერესო იქნება. მე აღარ ვაპირებ პოლიტიკაში შემოსვლას საერთოდ", - განაცხადა პრემიერმა. ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პრეზიდენტთან მის წარსულ ურთიერთობაზეც  ისაუბრა.

"ძალიან ბევრ რჩევას ვაძლევდი, ვეხმარებოდი, ვიდრე ის პოზიტიური პრეზიდენტი იყო და ჩვენი ქვეყანა სწორი გზით მიდიოდა. ჩვენი ურთიერთობებიც გაფუჭდა მას შემდეგ, რაც მან გააფუჭა ურთიერთობა დემოკრატიასთან. სააკაშვილს და მის მომავალს რაც შეეხება, ეს მასზეა დამოკიდებული და დამოკიდებულია როგორ განვითარდება პროცესები. ჩემი სურვილი იქნებოდა, ვიყუროთ წინ განვითარებისკენ, ვიდრე - უკან", - დასძინა ბიძინა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც პრემიერი პოლიტიკიდან მისი წასვლის მიზეზებზე საუბრობს. წერილის დასასრულს ივანიშვილმა სკეპტიკოსებს მიმართა და განაცხადა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, პოლიტიკაში დაბრუნდება. 

კომენტარები