საზოგადოებრივი მაუწყებელი

მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს პარლამენტში განმარტებისთვის იბარებენ

ელისო ჩაფიძე
radiotavisupleba.ge

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს, ემზარ გოგუაძეს,  გიორგი ბარათაშვილის მიმართ უნდობლობის გამოცხადებისა და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განმარტებისთვის პარლამენტში იბარებენ. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტიტის თავმჯდომარის მოადგილის, ელისო ჩაფიძის, წერილობით მიმართვას ავრცელებს.

"2013 წლის 6 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება გენერალური დირექტორის მიმართ უნდობლობის გამოცხადებისა და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. "მაუწყებლობის შესახებ" კანონის 32-ე და 321ე მუხლების თანახმად, მხოლოდ და მხოლოდ სამეურვეო საბჭო არის უფლებამოსილი თანამდებობაზე დანიშნოს და გადააყენოს გენერალური დირექტორი, რასაც ახორციელებს საკუთარი პასუხისმგებლობით. "მაუწყებლობის შესახებ" კანონის 30-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სამეურვეო საბჭო ამტკიცებს არხის პროგრამულ პრიორიტეტებს (რომელთა შესრულების უზრუნველყოფა ევალება გენერალურ დირექტორს), ამავე კანონის 35-ე მუხლის თანახმად აღნიშნული პრიორიტეტების შესრულების შესახებ საბჭო ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე. ” - აღნიშნულია მიმართვაში.

წერილობით მიმართვაში ასევე წერია, რომ სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული 2013 წლის წლის პროგრამული პრიორიტეტების თანახმად, განსაკუთრებული მნიშვნელობა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მიმართულებებს ენიჭება. კერძოდ, საზოგადოებრივ პოლიტიკური გადაცემების დრო უნდა გამხდარიყო საეთერო დროის არანაკლებ 45%, მათ შორის ახალი ამბები - 30%. ასევე, უნდა გაზრდილიყო საინფორმაციო გადაცემების სიხშირეც.

”აღსანიშნავია, რომ 2013 წელი გამოირჩეოდა მაუწყებლის არასტაბილური მართვით. კერძოდ, 2013 წლის 4 მარტს უნდობლობა გამოეცხადა ბატონ გიორგი ბარათაშვილს, ამავე წლის 29 აპრილს ის აღდგენილ იქნა თანამდებობაზე სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, 2013 წლის 6 სექტემბერს საბჭომ კვლავ გამოუცხადა უნდობლობა გიორგი ბარათაშვილს. 6 სექტემბრის საინფორმაციო გამოშვებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გენერალური დირექტორისადმი უნდობლობის საკითხის აღძვრის საფუძველი იყო ბიუჯეტის პროექტის წარმოუდგენლობა. თუმცა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდზე განთავსებულია გენერალური დირექტორის მიერ 29 აგვისტოსა და 2 სექტემბერს წარმოდგენილი დოკუმენტები. ” - წერს ჩაფიძე.

მიმართვაში წერია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენები აშკარად ცხადყოფს, რომ საფრთხის წინაშე საზოგადოებრივი მაუწყებლის უმაღლესი მმართველი ორგანოს მიერ დამტკიცებული პროგრამული პრიორიტეტების შესრულების საკითხი დგას. ეს საკითხი კი განსაკუთრებით მწვავედ დგას წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში.

”ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე საქართველოსკონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტისადა"მაუწყებლობის შესახებ" კანონის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ, დაუყოვნებლივ, წერილობით მოგვაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია თქვენს მიერ 2013 წლის 6 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობისა და სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული პრიორიტეტების შესრულების კონკრეტული ხედვის თაობაზე. აგრეთვე, დაესწროთ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის უახლოეს სხდომას, რომლის თარიღს დამატებით შეგატყობინებთ", - წერია ელისო ჩაფიძის მიმართვაში.

კომენტარები