საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო

"საერთაშორისო გამჭვირვალობა" ემზარ გოგუაძის პარლამენტში მისვლას ითხოვს

პირველი არხი

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებულ კრიზისთან დაკავშირებით სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე პარლამენტის წინაშე უნდა წარსდგეს. მაუწყებლის გენერალური დირექტორის გიორგი ბარათაშვილის თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს. განცხადების მიხედვით, სამეურვეო საბჭომ საზოგადოებას საფუძვლიანი და არგუმენტირებული განმარტება უნდა წარუდგინოს, თუ რა ფორმით დაარღვია ბარათაშვილმა მისთვის დაკისრებული მოვალეობები და რატომ გახდა აუცილებელი არჩევნებამდე ორი თვით ადრე, მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

"აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ექვსი თვის წინ, სამეურვეო საბჭომ ბარათაშვილს ერთხელ უკვე გამოუცხადა უნდობლობა. თუმცა, მაშინ, გათავისუფლებულმა დირექტორმა სასამართლო დავის მოგების გზით თანამდებობაზე დაბრუნება მოახერხა. გასულ კვირას, გიორგი ბარათაშვილის მიმართ უნდობლობის გამოცხადების პროცესის წამოწყების შემდეგ სამეურვეო საბჭომ განაცხადა, რომ არხის ხელმძღვანელობამ მათ დროულად და ამომწურავად არ მიაწოდა ინფორმაცია მაუწყებლის ვალებთან, გადაცემებთან და ბიუჯეტთან დაკავშირებით. იმისათვის, რომ პროცესები კანონის დაცვით და გამჭვირვალედ წარიმართოს, საზოგადოებას მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს", - ნათქვამია განცხადებაში.

საერთაშორისო გამჭვირვალობაში მიაჩნიათ, რომ ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის წარმართვის მიზნით, პარლამენტმა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე უახლოეს დღეებში სხდომაზე უნდა მიიწვიოს და მაუწყებელში არსებული მდგომარეობის შესახებ ანგარიში მოსთხოვოს. ამასთან, პარლამენტმა უნდა მოისმინოს, თუ რა გზებით აპირებს სამეურვეო საბჭო მაუწყებელში არსებული კრიზისის დაძლევას.

"ხელისუფლებამ ასევე უნდა გამოიძიოს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ემზარ გოგუაძის ბრალდება. მისი განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა, რომელიც, როგორც ჩანს, ამავდროულად საზოგადოებრივ მაუწყებელშიც მუშაობდა, მასზე ზეწოლა მოახდინა და სარგებელს დაჰპირდა, თუკი გოგუაძე ბარათაშვილის გათავისუფლებას ხმას არ მისცემდა. მაუწყებლობის შესახებ კანონის მე-18 მუხლის მიხედვით აკრძალულია "საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო, მმართველობითი და ფინანსური დამოუკიდებლობის ხელყოფა ან მასზე ზეწოლის სხვაგვარად განხორციელება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ", - აღნიშნულია განცხადებაში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ არხის გენერალურ დირექტორს გიორგი ბარათაშვილს უნდობლობა უკვე მეორედ გამოუცხადა. "საზოგადოებრივი მაუწყებლის" დირექტორის მოვალეობას ბარათაშვილის მოადგილე თამაზ ტყემალაძე შეასრულებს.

კომენტარები