დიდი ოცეულის სამიტი

ოცეულის სამიტზე ობამა პუტინისა და სხვა მსოფლიო ლიდერების ზეწოლის ქვეშ მოექცა

დიდი ოცეულის სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისა და სხვა მსოფლიო ლიდერების მხრიდან ზეწოლის ქვეშ მოექცა. საქმე ეხება ობამას გადაწყვეტილებას სირიაში სამხედრო ინტერვენციის შესახებ. ჩინეთის ვიცე ფინანსთა მინისტრის ჟუ გონგიოს თქმით, სამხედრო ოპერაცია ნეგატიურად აისახება გლობალურ ეკონომიკაზე, რაც ნავთობის ფასის ზრდას გამოიწვევს.

გაეროს გენერალური მდივნის, ბენ კი-მუნის თქმით კი, ნებისმიერ სამხედრო მოქმედებას გაეროს უშიშროების საბჭომ მხარი უნდა დაუჭიროს. 

ობამამ კრიტიკის მიუხედავად, სამიტზე თქვა, რომ ქიმიური იარაღის გამოყენებამ არა მხოლოდ ტრაგედია გამოიწვია, არამედ დაირღვა საერთაშორისო კანონიც.

დიდი ოცეულის ლიდერებმა სირიის საკითხი გუშინ საღამოს სანქტ-პეტერბურგში გამართულ ვახშამზე განიხილეს. ”ამ შეხვედრის შედეგად რაიმე ცვლილება მხარეთა პოზიციაში არ მომხდარა - ლიდერების შეხედულებები სირიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით კვლავაც განსხვავებული რჩება.” - აღნიშნა ვახშმის შემდეგ იტალიის პრემიერმინისტრმა ენრიკო ლეტამ.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვახშამზე თითქმის ერთი საათის დაგვიანებით გამოცხადდა. მას მონაწილეობა არ მიუღია პეტერგოფის პარკში სეირნობაში, რომელიც ვლადიმირ პუტინმა გამართა. სირიის საკითხის ვახშამზე განხილვაც რუსეთის პრეზიდენტის წინადადება იყო.

ვახშმამდე ცოტა ხნით ადრე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, განაცხადა, რომ მოსკოვი სირიის კონფლიქტში გარეშე სამხედრო ჩარევის წინააღმდეგია და ქიმიური შეტევის არსებული მტკიცებულებებს საკმარისად არ მიიჩნევს.

სააგენტო როიტერის ინფორმაციით, დიდი ოციანის სამიტზე სირიის შესახებ გადაწყვეტილების მიღება სავალდებულო არ არის. თუმცა, პუტინი სამხედრო ინტერვენციის თავიდან ასაცილებლად ცდილობს, ლიდერებს შორის კონსენსუსს მიაღწიოს - თუ ეს მოხდა, პუტინის პირადი გამარჯვება იქნება.

ობამა სირიის ხელისუფლებას 21 აგვისტოს დამასკოს გარეუბნებში მომწამვლელი გაზის გამოყენებაში ადანაშაულებს, რამაც 1400-ზე მეტი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. ოფიციალური მოსკოვი კი ამბობს, რომ ობამამ ბრალდება ჯერ უნდა დაამტკიცოს. 

შეგახსენებთ, რომ ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სირიაში შეზღუდული სამხედრო ინტერვენციის შესახებ ობამას გადაწყვეტილებაზე თანხმობა გასცა. თუმცა, ამის შესახებ მომავალ კვირას პლენარულ სხდომაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ. ბარაკ ობამამ და მისმა ადმინისტრაციამ სენატს სწრაფი მოქმედებისკენ მოუწოდეს. ობამას მხარს საფრანგეთი უჭერს.

კომენტარები