დიდი ოცეულის სამიტი

მაკრონი: პუტინს G20-ის სამიტზე მხოლოდ მონაწილეთა საერთო თანხმობის შემთხვევაში მოიწვევენ

REUTERS/Gonzalo Fuentes/Pool/File Photo

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, ბრაზილიაში ნოემბერში დაგეგმილ G20-ის სამიტზე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიწვევენ, თუ ყველა მონაწილე ქვეყანა თანახმა იქნება. ამის შესახებ მაკრონმა ბრაზილიაში ვიზიტის დროს ისაუბრა.

როგორც მაკრონმა აღნიშნა, ოცი განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების გაერთიანების აზრი იმაში მდგომარეობს, რომ "კონსესუსი აუცილებლად შედგეს დანარჩენ 19 ქვეყანასთან და ეს სწორედ ეს იქნება ბრაზილიური დიპლომატიის ამოცანა".

"თუ აღნიშნულ შეხვედრას სარგებლის მოტანა შეუძლია, ის აუცილებლად უნდა ჩატარდეს. თუ სარგებელი არ ექნება და განხეთქილებამდე მიგვიყვანს, მაშინ ჩატარება არ ღირს". - თქვა მაკრონმა.

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა გაიხსენა 2019 წლის შემთხვევა, როდესაც G7-ის სამიტზე ვლადიმირ პუტინი სწორედ კონსენსუსის არარსებობის გამო არ მიიწვია, შემდეგ კი მასთან ცალკე შეხვედრა გამართა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ვლადიმირ პუტინი არ ესწრებოდა 2022 წელს ინდონეზიაში და 2023 წელს ინდოეთში გამართულ G20-ის სამიტებს. 

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული დაკავების ორდერის მიუხედავად, 2023 წლის სექტემბერში ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლულა და სილვამ თქვა, რომ პუტინს 2024 წლის სამიტზე მიიწვევდა და უსაფრთხოების გარანტიებსაც მისცემდა, თუმცა, ამავე წლის დეკემბერში ლულამ პოზიცია შეიცვალა და აღნიშნა, რომ პუტინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მისაცემად მზად არ იყო.

კომენტარები