საპრეზიდენტო კანდიდატები

სალომე ზურაბიშვილი: სამართლიანი სასამართლოს იმედი მაქვს

სალომე ზურაბიშვილი
geworld.ge

"საქართველოს გზის" ლიდერის და პრეზიდენტობის მსურველის სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, "გასაკვირია, რომ ცესკოს უკანონობას ხელისუფლების რეაქცია არ მოჰყვა". როგორც ზურაბიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა,  ხელისუფლებამ უნდა დაამტკიცოს, რომ სამართლიანი არჩევნების შესახებ მისი განცხადება არ არის ფასადური.

"მე ხელისუფლებისგან ველოდი, რომ ცესკოს უკანონობას შესაბამისი რეაქცია მოჰყვებოდა. კანონის მიმართ უნდა ეთქვათ სიმართლე. ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს აინტერესებთ სიმართლე, რაც ხდება რეალობაში. ამიტომაც მე ოფიციალურად მივმართავ იუსტიციის სამინისტროსა და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, მიაწოდოს მათ ინფორმაცია", - აცხადებს ზურაბიშვილი და აღნიშნავს, რომ მას და მის მხარდამჭერებს სამართლიანი სასამართლოს იმედი აქვთ. მისი თქმით, კანონის მოთხოვნას მაშინ შეასრულებს, როდესაც პრეზიდენტი გახდება. 

სალომე ზურაბიშვილმა სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანა. მის ინტერესებს საია დაიცავს. ამასთან, ზურაბიშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას და იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს ღია წერილით მიმართა.

„მოგეხსენებათ, რომ გადაწყვეტილი მაქვს მონაწილეობა მივიღო 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ჩემი კანდიდატურის დარეგისტრირების მიზნით, საინიციატივო ჯგუფმა უკვე მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რაზეც მიიღო უარი. არა მხოლოდ საინიციატივო ჯგუფში შემავალი იურისტები, არამედ ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები („ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალეობა – საქართველო“, „სამართლიანი არჩევნები – ISFED“), ქართველი კონსტიტუციონალისტები, საერთაშორისო ექსპერტები, ადგილობრივი და საერთაშორისო პოლიტიკური წრეები, დიპლომატები თანხმდებიან, რომ გადაწყვეტილება უკანონოა. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, გთხოვთ, დამატებითი განმარტებებისათვის მიმართოთ ვენეციის კომისიას, რომელიც აგრეთვე მზად არის შეაფასოს, რამდენად მართებულად ხდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ქვეყნის უმაღლესი კანონის – კონსტიტუციის დაცვა და განმარტება, ორმაგი მოქალქეობის მქონე პირის საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირების შესახებ“, – ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის წერილში.

სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირებაზე ცესკო-მ უარი 3 სექტემბერს უთხრა. პოლიტიკოსი აღნიშნულს სასამართლოში გაასაჩივრებს. ზურაბიშვილისთვის რეგისტრაციაზე უარს თქმას გუშინდელ პრესკონფერენციაზე პრემიერი ბიძინა ივანიშვილიც გამოეხმაურა. მისი თქმით, ხელისუფლება გავლენას არც ცესკო-ზე და არც სასამართლოზე არ მოახდენს. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ძალიან სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად ვერ დარეგისტრირდა, მაგრამ ისიც სამწუხაროა, რომ ზურაბიშვილი ცდილობს აქცენტები  ხელისუფლებაზე გადაიტანოს. ცესკოს სპიკერის ეკა აზარაშვილის განცხადებით კი, ცენტრალური საარჩევნო კომისია სალომე ზურაბიშვილისთვის გამონაკლისს ვერ დაუშვებს და კანონს ვერ დაარღვევს. მისი თქმით, ცესკოს თავმჯდომარის გადაწყვეტილება კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-11 პუნქტს ეფუძნება.

 

 

კომენტარები