საზოგადოებრივი მაუწყებელი

არასამთავრობოები: გაურკვევლობა საზოგადოებრივი მაუწყებლის რეპუტაციას აზიანებს

პირველი არხი

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ  მაუწყებელი კვლავ პოლიტიკური მოვლენებისა და ბრალდებების ეპიცენტრში მოექცა. მათი თქმით, მაუწყებელმა პოლიტიკური დებატებისთვის ფორუმი უნდა უზრუნველყოს, რომელშიც კანდიდატებს საკუთარი პროგრამების წარდგენისა და ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემის საშუალება მიეცემათ. ეს კი კენჭისყრის დღეს ტელემაყურებელთა მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას ხელს შეუწყობს.

”გასულ კვირას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალური დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის მიმართ უნდობლობის გამოცხადების პროცესი წამოიწყო. საბჭო ამტკიცებს, რომ ბარათაშვილმა მათ დროულად და ამომწურავად არ მიაწოდა ინფორმაცია გადაცემებთან და ბიუჯეტთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ექვსი თვის წინ,სამეურვეო საბჭომ ბარათაშვილს ერთხელ უკვე გამოუცხადა უნდობლობა, თუმცა მაშინ გათავისუფლებულმა დირექტორმა სასამართლო დავის წარმოების მეშვეობით მიაღწია თანამდებობაზე აღდგენას.” - წერია განცხადებაში.

ორგანიზაციათა თქმით, გასულ კვირას საზოგადოების ნაწილის ყურადღება ეკა კვესიტაძისა და დავით პაიჭაძის საავტორო პოლიტიკური თოქ-შოუების შესაძლო გაუქმების საკითხმა მიიპყრო. საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ კვესიტაძის აქცენტები და პაიჭაძის დიალოგი შესაძლოა დაიხუროს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის. მენეჯმენტის წარმომადგენლების თქმით, მაუწყებელი ორივე ჟურნალისტთან აგრძელებს თანამშრომლობას და კვესიტაძემ და პაიჭაძემ,  შესაძლოა,  შემოდგომიდან ახალი თოქ-შოუ წაიყვანონ. 

განცხადებაში წერია, რომ დავით პაიჭაძე და ეკა კვესიტაძე ცნობილები არიან საკუთარი კრიტიკული დამოკიდებულებით მოქმედი ხელისუფლების მიმართ. საზოგადოების ნაწილი კი მათ ნაციონალური მოძრაობის მიმართ ლოიალურად განწყობილ ჟურნალისტებად მიიჩნევს, მათ მიერ ხელისუფლების კრიტიკას კი პოლიტიკური ნეიტრალიტეტის უგულვებელყოფად აღიქვამს. ორგანიზაციები ამბობენ, რომ გადაცემების დახურვის შემთხვევაში , საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს ამ გადაწყვეტილების მყარი და ობიექტური არგუმენტებით დასაბუთება მოიწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აღნიშნული ფაქტი თავად მაუწყებლის მენეჯმენტის პოლიტიკური მიუკერძოებლობის შესახებ კითხვებს გააჩენს.

”ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ შექმნილი გაურკვევლობები უარყოფითად აისახება როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიან რეპუტაციაზე, ასევე შეიძლება გავლენა იქონიოს წინასაარჩევნო გარემოზე. საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ და სამეურვეო საბჭომ ყველაფერი უნდა იღონონ, რათა მაუწყებელის ეთერში პლურალიზმი უზრუნველყონ. არხის მენეჯმენტი და სამეურვეო საბჭო უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებას და არა რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს, ხოლო პოლიტიკოსებმა კი, თავის მხრივ, მაუწყებელს მოქმედების სრული თავისუფლება უნდა მიანიჭონ, რათა მან პირნათლად შეძლოს საკუთარი მოვალეობების შესრულება.” - წერია არასამთავრობო ორგანიზაციათა განცხადებაში.

 

კომენტარები