საპრეზიდენტო კანდიდატები

სალომე ზურაბიშვილის ინტერესებს სასამართლოში საია დაიცავს

სალომე ზურაბიშვილი
geworld.ge

საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციასთან დაკავშირებულ დავაში სალომე ზურაბიშვილის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს. საია დღეს სალომე ზურაბიშვილის სახელით მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ცესკოს თავმჯდომარის 2013 წლის N64/2013 განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე.  საია მიიჩნევს, რომ ცესკოს თავმჯდომარის განკარგულება დაუსაბუთებელია.

"განკარგულება ეფუძნება საარჩევნო კოდექსის მე-3 მუხლის ,,ა.ბ" ქვეპუნქტს, რომელიც ადგენს, რომ პასიური საარჩევნო უფლება (ეს უკანასკნელი ნიშნავს საქართველოს მოქალაქის უფლებას, კენჭი იყაროს წარმომადგენლობით ორგანოში ასარჩევად და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის დასაკავებლად) არა აქვს იმ პირებს, რომელებსაც ეს უფლება შეზღუდული აქვთ, საქართველოს კონსტიტუციით და კანონით. ცესკოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის 11 პუნქტი, რომელიც ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს უკრძალავას საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას, სწორედ ის კონსტიტუციური ნორმაა, რაც პირებს (ამ შემთხვევაში ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანებს) პასიურ საარჩევნო უფლებას უზღუდავს", - აცხადებენ საია-ში და განმარტავენ, რომ კონსტიტუციის 29 მუხლის მე-11 პუნქტი საერთოდ არ არეგულირებს მოქალაქის, მათ შორის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირის მიერ, პასიური საარჩევნო უფლების რეალიზების საკითხს.

"კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-11 პუნქტი ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს უკრძალავს სამი უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებას. ეს აკრძალვა არ არის იმდენად ფართო, რომ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს ართმევდეს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კანდიდატად ყოფნის უფლებას. კანონმდებელს რომ ამგვარი განზრახვა ჰქონოდა კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-11 პუნქტში პირდაპირ ჩაწერდა იმას, რომ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს არა მხოლოდ ეკრძალებათ პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის ან პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავება, არამედ ამ თანამდებობებზე კენჭისყრაც კი. კონსტიტუციის 29 მუხლის მე-11 პუნქტი საერთოდ არ აწესრიგებს საქართველოს მოქალაქის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობას. ეს კონსტიტუციური დებულება, მისი სიტყვა-სიტყვითი შინაარსის გათვალისწინებით არ ვრცელდება საარჩევნო პროცესზე. ამ პუნქტით დადგენილი აკრძალვა მოქმედებას დაიწყებს იმ მომენტიდან, როდესაც ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი მოიგებს საპრეზიდენტო არჩევნებს. ასეთ შემთხვევაში ფიცის დადების მომენტისათვის პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეულმა პირმა უარი უნდა თქვას სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე. კონსტიტუციური დებულება, რაც შეზღუდვას უწესებს საპრეზიდენტო არჩევნებში მოქალაქის პასიურ საარჩევნო უფლებას, იკითხება არა კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-11 პუნქტში, არამედ კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტში. ეს უკანასკნელი დეტალურად განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რასაც პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს. კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტი ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს არ უკრძალავს საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის უფლებას", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირებაზე ცესკო-მ უარი 3 სექტემბერს უთხრა. პოლიტიკოსი აღნიშნულს სასამართლოში გაასაჩივრებს. ზურაბიშვილისთვის რეგისტრაციაზე უარს თქმას გუშინდელ პრესკონფერენციაზე პრემიერი ბიძინა ივანიშვილიც გამოეხმაურა. მისი თქმით, ხელისუფლება გავლენას არც ცესკო-ზე და არც სასამართლოზე არ მოახდენს. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ძალიან სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად ვერ დარეგისტრირდა, მაგრამ ისიც სამწუხაროა, რომ ზურაბიშვილი ცდილობს აქცენტები  ხელისუფლებაზე გადაიტანოს. ცესკოს სპიკერის ეკა აზარაშვილის განცხადებით კი, ცენტრალური საარჩევნო კომისია სალომე ზურაბიშვილისთვის გამონაკლისს ვერ დაუშვებს და კანონს ვერ დაარღვევს. მისი თქმით, ცესკოს თავმჯდომარის გადაწყვეტილება კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-11 პუნქტს ეფუძნება.

კომენტარები