ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა

ზაზა ხატიაშვილი პრემიერს - ირაკლი ღარიბაშვილს ყველაფრის უფლება მიეცით

ზაზა ხატიაშვილი
ipn.ge

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი პრემიერ-მინისტრს აკრიტიკებს. როგორც ხატიაშვილი ღია წერილში აღნიშნავს, ივანიშვილს ჩაფიქრებული აქვს, რომ სამოქალაქო საზოგადოებაში გადასვლის შემდეგ, "დამნაშავე მინისტრების დანაშაულის დამფარავი" ორგანიზაცია შექმნას. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ივანიშვილს მამუკა მიქაუტაძის თვითმკვლელობის ფაქტს კიდევ ერთხელ ახსენებს და აღნიშნულს "ოპერაცია გირგვლიანი 2"-ს უწოდებს. ხატიაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ორი დღის წინ პრემიერის სახელით გამოქვეყნებული ღია წერილი თავად ივანიშვილს წაკითხული არც აქვს.

"თუ მე ვცდები და ღია წერილი თქვენი დაწერილია, მაშინ ჩვენი საქმე უფრო ცუდად ყოფილა" - აღნიშნავს ხატიაშვილი. მისი თქმით, 2014 წლის პირველ სექტემბრამდე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111-ე მუხლის მე-2 ნაწილის ძველი რედაქციით დატოვებით საქართველოს მთავრობამ უარი თქვა სამართლიანი სასამართლოს პრინციპზე. ხატიაშვილის განცხადებითვე, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში ზუსტად იგივე მდგომარეობაა, "როგორიც სააკაშვილის რეჟიმის დროს იყო". მისი აზრით, პოლიციის ძალადობა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111-ე მუხლის მე-2 ნაწილის ახალი რედაქციით ამოქმედებას უნდა დაებალანსებინა, რათა დაცვას მისცემოდა უფლება შუამდგომლობით მიემართა სასამართლოსთვის ჩხრეკისა და ამოღების თაობაზე.

"თუ დაცვას ექნება ეს უფლება, შესაძლებელია პოლიციის დაწესებულებებში არსებული ძალადობის შეჩერება. დღეს, სამოქალაქაო საზოგადოება დაუცველია როგორც არასდროს, სამოქალაქო საზოგადოებას არ გააჩნია პოლიციური ძალადობისგან თავის დაცვის შესაძლებლობა, არ აქვს უფლება ადვოკატის მეშვეობით გამოითხოვოს ელემენტარული მტკიცეულება, თქვენ კი თურმე სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე ფიქრით არ გძინავთ ღამეები" - მიმართავს ხატიაშვილი პრემიერს და მიქაუტაძის საქმეს ახსენებს. მისი თქმით, ივანიშვილს ავიწყდება თავისი 1,5 წლის წინ გაკეთებული განცხადება ქიმერიძის საქმესთან დაკავშირებით.

"უნდა აღინიშნოს, რომ ქიმერიძის საქმეზე მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამ ფაქტის შესახებ თქვენი კომენტარი იყო - ხელისუფლებამ უკან დაიხიაო. სამოქალაქო საზოგადოებამ ბრძოლით მივაღწიეთ იმას, რომ მოწმედ დაბარებული პირი დაკითხულიყო პირდაპირ სასამართლო პროცესზე, თქვენ კი, ჩაიდინეთ არნახული ძალადობა სამოქალაქო საზოგადოებასთან მიმართებით. კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 3 ივლისის სხდომაზე მიიღეთ გადაწყვეტილება და მიმართეთ პარლამენტს, შეიტანოს ცვლილება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 332-ე მუხლში და 2014 წლის დეკემბრამდე გადაიდოს მოწმედ დაბარებული პირის პირდაპირ სასამართლოში დაკითხვა. კიდევ კარგი, პარლამენტმა თქვენ არ დაგიჯერათ და სამოქალაქო საზოგადოება გადარჩა თქვენს კიდევ ერთ, მიზანმიმართულ დარტყმას" - აცხადებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ღია წერილში. როგორც ის აღნიშნავს, ტელევიზიის საშუალებით მთელმა საქართველომ იხილა, სამართალდამცავებმა როგორ დაადეს ბორკილები მოწმის სტატუსით გამოძახებულ მოქალაქეებს, რომლებიც შემდეგ დაკითხვის გარეშე გაათავისუფლეს.

"თქვენ, პრესკონფერენციაზე საჯაროდ დააფიქსირეთ თქვენი აზრი, რომ ეს იყო დაკავება. მაშინ გამოდის, რომ ადგილი ჰქონდა უკანონო დაკავებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განზრახ უკანონო დაკავება ისჯება ორ წლამდე თავისუფლების შეზღუდვით, ან თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. ვინაიდან მოხდა მოქალაქეთა ნების წინააღმდეგ მათი უკანონო გადაადგილება, სამართალდამცავი ორგანოს მუშაკების მხრიდან ჩადენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - თავისუფლების უკანონო აღკვეთა ორი ან მეტი პირის მიმართ, რომელიც ისჯება შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ასევე, სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაა. ყველა ის პირი, ვინც მონაწილეობდა მერიის მაღალჩინოსნების უკანონო დაკავებაში, მინიმუმ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. თქვენ ამაზეც არ აკეთებთ კომენტარს. მამუკა მიქაუტაძემ და მერიის ჩინოვნიკებმა იხილეს მოწმეებზე ბორკილების დადების ფაქტი, რასაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ იცნობს. მთელმა საქართველომ იხილა მამუკა მიქაუტაძეზე დადებული ბორკილები, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულის კვალი ვერ დაინახა თავისი თანამშრომლების მოქმედებაში, რაც ძალაუნებურად სააკაშვილის და მერაბიშვილის მმართველობას გვახსენებს" - ამბობს ზაზა ხატიაშვილი. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა შს მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ყველაფრის უფლება მისცა, რაც საგანგაშო ფაქტია. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის შეფასებით, დაუსჯელობის სინდრომით გათამამებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ლაშა ნაცვლიშვილმა და არჩილ კბილაშვილმა გაუგონარი ძალადობა ჩაიდინეს სამოქალაქო საზოგადოებასთან მიმართებაში და გაიმეორეს "ოპერაცია გირგვლიანი 2".

"ნაცვლად იმისა, რომ მათი პასუხისმგებლობის საკითხი დაგეყენებინათ, როგორც ამას წინასაარჩევნოდ გვპირდებოდით, ღია წერილი მოგვწერეთ საზოგადოებას და თქვენი მინისტრების ქებით დაიღვარეთ. თქვენ პრემიერ მინისტრის რანგში არ აკონტროლებთ "ოპერაცია გირგვლიანი2"-ის შემოქმედებს ირაკლი ღარიბაშვილს, არჩილ კბილაშვილის, ლაშა ნაცვლიშვილს და სამოქალაქო საზოგადოების მეშვეობით გააკონტროლებთ? გთხოვთ, მიპასუხოთ - ვინ გიშლით ხელს განახორციელოთ მათი კონტროლი? როგორც ჩანს, თქვენ ჩაფიქრებული გაქვთ ისეთი ორგანიზაციის შექმნა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების რანგში დაეხმარება თქვენს დამნაშავე მინისტრებს აიმაღლონ იმიჯი საზოგადოების თვალში როგორც შეუცვლელმა სახელმწიფო მოხელეებმა და ა.შ. ბატონო პრემიერო, მოგიწოდებთ დაეშვათ დედამიწაზე და დაიწყოთ იმ სამოქალაქო დაპირებების შესრულება, რასაც წინასაარჩევნოდ დაგვპირდით და ღია წერილებით ნუ ცდილობთ ჩვენი მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას და მანიპულირებას", - აცხადებს ხატიაშვილი.

საქართველოს პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას ღია წერილით ორი დღის წინ მიმართა.

კომენტარები