ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა

გიორგი მარგველაშვილი: პრემიერს ბოლომდე ვენდობი

გიორგი მარგველაშვილი

კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის ხედვები მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მარგველაშვილის თქმით, სწორედ ივანიშვილთან პარტნიორობის საჭიროებამ მიიყვანა პოლიტიკაში. პრეზიდენტობის კანდიდატის შეფასებით, ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა მთავრობისთვისაც მძიმეა, თუმცა მთავარი არა მთავრობა, არამედ საზოგადოებაა.

"ბიძინა ივანიშვილის წერილში საუბარია ძლიერი, დემოკრატიული, ეკონომიკურად წელში გამართული ქვეყნის მშენებლობაზე, სადაც პოლიტიკა ემსახურება ქვეყნის განვითარებას, საზოგადოებას და არა პირიქით. რეალურად, ბევრი წლის განმავლობაში პოლიტიკური პროცესი იყო ეკონომიკის, კულტურის, საზოგადოების და თავად პოლიტიკის განვითარებისთვის შემაფერხებელი. შესაბამისად, ჩვენ ვსაუბრობთ ახალი, ევროპული ტიპის საზოგადოების და პოლიტიკური პროცესის ჩამოყალიბებაზე. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესი იყოს ისეთივე განსაკუთრებული, როგორიც არის ამ ქვეყნის მოსახლეობა და ამ ქვეყნის კულტურა. მე რეალურად პოლიტიკაში მოვედი ამ ხედვებიდან გამომდინარე, ივანიშვილის ხედვები ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანია და მასთან პარტნიორობის საჭიროებამ მომიყვანა პოლიტიკაში. აქედან გამომდინარე ხორციელდება საარჩევნო კამპანიაც. ბუნებრივია, ჩვენ ერთნაირად ვხედავთ მოვლენებს, საქართველოს მომავალს და ერთიანად ვგეგმავთ იმას, საითაც მიდის ქვეყანა", - აცხადებს მარგველაშვილი და აღნიშნავს, რომ პრემიერს ბოლომდე ენდობა. ის საზოგადოებასაც ანალოგიურისკენ მოუწოდებს.

"რა თქმა უნდა, საზოგადოება ცოტა დაბნეულია იქიდან გამომდინარე, რა ნაბიჯსაც დგამს პრემიერი. მაგრამ მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ყველაფერი ეს, რაც ხდება, ქვეყნის სასიკეთოდ გადადგმული ნაბიჯებია. ეს არის ადამიანი, რომელიც 20 წლის განმავლობაში მარტო თავის სამშობლოს ემსახურება და რომელმაც რადიკალურად შეცვალა ჩვენი ისტორია მშვიდობიანად, რისი შანსიც არ არსებობდა. ამ ადამიანს მე ვენდე ბოლომდე. მოვუწოდებ საზოგადოებას ბოლომდე გაიაზროს და ენდოს იმ ხედვას, რაც გააჩნია ბიძინა ივანიშვილს. რა თქმა უნდა, მთავრობის პოზიციიდან იდეალური არის, რომ ასეთი მთავრობის ხელმძღვანელი გვყავდეს. მთავრობისთვის მძიმეა, რომ ბიძინა ამ ნაბიჯს დგამს, მაგრამ მინდა ამ ნაბიჯში დავინახო მთავარი აქცენტი, რომ მთავარი მთავრობა კი არ არის, საზოგადოებაა და ჩვენ ყველანი ვართ საზოგადოების სამსახურში. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ივანიშვილი წავიდეს იქ, სადაც ყველაზე მეტად სჭირდება ქართულ საზოგადოებას და დემოკრატიას. ჩვენ ერთად მივდივართ ამ პროცესში, ერთად ვიღებთ პასუხისმგებლობას და ერთად ვხედავთ მომავალს. მომავალს, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი ქართული საზოგადოების აქტიური წევრია და თითოეულ ქართველთან ერთად მონაწილეობს ამ ქვეყნის განვითარებაში", -ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში, რომელიც მისმა პრესსამსახურმა გაავრცელა.

კომენტარები