საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, გიგა ბოკერია, პრემიერმინისტრის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ბოკერიას ბიძინა ივანიშვილი აღარ მიაჩნია რუსეთის ჯაშუშად და ასევე აღარ აქვს პრეტენზია რუსეთის მიმართ ივანიშვილის პოლიტიკასთან დაკავშირებით, პრემიერს პასუხობს.
გიგა ბოკერიას თქმით, მას არასდროს უწოდებია ივანიშვილისთვის რუსეთის ჯაშუში, თუმცა თვლის, რომ მისი და მისი გუნდის მიერ გადადგმული ნაბიჯები საქართველოს სუვერენიტეტს, უსაფრთხოებასა და დემოკრატიას სერიოზულ პრობლემებს უქმნის.
”ამის უახლეს მაგალითად გამოდგება პრემიერ ივანიშვილის დღევანდელი სკანდალური განცხადება, რომ მას არ გააჩნია მკაფიო პოზიცია ევრაზიულ კავშირთან დაკავშირებით. ევრაზიული კავშირი გახლავთ პუტინის ინსტრუმენტი რუსეთის ფედერაციის მეზობელი ქვეყნების ევროინტეგრაციის წინააღმდეგ და მიზნად ისახავს მათი სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის მოშლასა და მათ ქცევას რუსეთის სატელიტებად. ძალზე საგანგაშოა, რომ საქართველოს დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას ამ საკითხზე მკაფიო პოზიცია არ აქვს. მაგრამ სამწუხაროდ პრობლემა ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე თუნდაც ეს ერთი საგანგაშო განცხადება.” - აღნიშნავს ბოკერია.
გიგა ბოკერია, ასევე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის კოალიციასა და მის პოლიტიკურ გუნდში ღიად პრორუსული და ფუნდამენტალისტები არიან, რომელთა საქმიანობა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს საფრთხეს უქმნის. ეს ადამიანები კი ხელისუფლებაში სწორედ პრემიერმინისტრმა მოიყვანა.
”ნაციონალური მოძრაობის, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალის, პოლიტიკური განადგურების სურვილით პრემიერმა ივანიშვილმა დაუფარავად ხელი შეუწყო, წაახალისა და გააძლიერა მისი კოალიციის გარეთ მყოფი კიდევ უფრო პრორუსული და ფუნდამენტალისტური ძალები.
საქმეების შესწავლის გარეშე რუსეთის ჯაშუშობაში, სამხედრო ამბოხსა და უმცირესობების წინააღმდეგ ძალადობაში მსჯავრდებული ადამიანების ციხიდან გმირებად გამოშვება საფრთხეს უქმნის ქართულ დემოკრატიას, ქვეყნის უსაფრთხოებას და აძლიერებს რუსეთის პოზიციებს საქართველოში. ” - ამბობს ბოკერია.
ბოკერია ასევე აღნიშნავს, რომ სამართალდამცავ ორგანოებსა და სხვა ძალოვან სტრუქტურებში სხვადასხვა დონეზე იმ პირთა დაბრუნება, რომლებიც წარსულში და შესაძლოა აწმყოსა და მომავალშიც, დაკავშირებულნი არიან რუსეთის სპეცსამსახურებთან, ქვეყნის უსაფრთხოებას ასუსტებს.
უშიშროების საბჭოს მდივნის თქმით, ივანიშვილის რეაქციები და საგარეო პოლიტიკური გზავნილები, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის უკეთეს შემთხვევაში არაკომპეტენტური, სრულიად უპასუხისმგებლო და საზიანოა.
”კერძოდ, მისი რეაქცია რუსეთის ფედერაციის მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით, როდესაც მან ამ ნაბიჯს გაუგებრობა უწოდა, ისევე როგორც მის მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებები დასავლეთისა და რუსეთის ინტერესების დაბალანსების თაობაზე, არის უაღრესად საგანგაშო და საზიანო საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის. ზოგადად, ახალი სახელისუფლებო გუნდის კონცეფცია იმის თაობაზე, რომ საქართველო აღარ უნდა იყოს პრობლემა დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში იმ დროს, როდესაც რუსეთი აგრძელებს ქართული სახელმწიფოსა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ თანმიმდევრულ აგრესიას, არის ძალიან სახიფათო ჩვენის ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის. ილუზია იმის თაობაზე, რომ რუსულ - ქართულ ურთიერთობებში არსებული პრობლემების წინა ხელისუფლებისთვის სრულიად უსამართლო გადაბრალება რაიმე პოზიტიურ შედეგს მოუტანს საქართველოს არის უკეთეს შემთხვევაში გულუბრყვილობა, კიდევ ერთხელ ზიანს აყენებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს და აძლიერებს რუსეთის პოზიციებს საქართველოში. საერთო ჯამში, ამის შედეგად სუსტდება საქართველოს პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე, კერძოდ, სუსტდება წნეხი რუსეთის ფედერაციაზე და პოტენციურად იზრდება რისკები საქართველოსთვის.” - აღნიშნავს ბოკერია.
ბოკერია ასევე ამბობს, რომ ახალი ხელისუფლების მიერ დაწყებული პოლიტიკური რეპრესიები ქართულ დემოკრატიას ქვეყნის შიგნით სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს, ქვეყნის გარეთ კი საერთაშორისო პოზიციებს აზიანებს.
”ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაწყებული პოლიტიკური რეპრესები, კერძოდ ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის და სხვა მაღალჩინოსნების პოლიტიკური მოტივით დაკავება და მათთვის ბრალის წაყენება, სხვა პოლიტიკური ფიგურების სისხლის სამართლებრივი დევნა და ათასობით აქტივისტის დაკითხვებზე ტარება, თვითმმართველობის, არჩევნების გარეშე, პოლიტიკური რეპრესიების გზით, ხელში ჩაგდება და ძალადობა პოლიტიკური ოპონენტების და უმცირესობების წინააღმდეგ, ეს ტენდენცია სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს ქართულ დემოკრატიას ქვეყნის შიგნით და აზიანებს მის საერთაშორისო პოზიციებს ქვეყნის გარეთ. ” - ამბობს ბოკერია.
დასასრულს, გიგა ბოკერია ამბობს, რომ ახალი ხელისუფლების სრულიად არაკომპეტენტური ეკონომიკური პოლიტიკა, კრიმინალის ზრდა, რომელიც განპირობებულია, პირველ რიგში, ხელისუფლების მიერ გადადგმული უპასუხისმგებლო ნაბიჯებით, სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს მომავალს და საბოლოო ჯამში, სწორედ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის ინტერესებში შედის.





