შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს: პრევენციული ღონისძიებებით ათეულობით დანაშაული აღიკვეთა

ნინო გიორგობიანი
შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო, აგვისტოში განხორციელებული რეიდების შესახებ კიდევ ერთ განცხადებას აქვეყნებს.

”საზოგადოებრივი უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სამინისტროს მიერ აგვისტოს თვეში განხორციელდა დამატებითი ოპერატიული და პრევენციული ღონისძიებები, რომელთა შედეგადაც მოხერხდა ათეულობით მძიმე დანაშაულის გამოვლენა და აღკვეთა, მათ შორის, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა, მნიშვნელოვანი რაოდენობის ცივი და ცეცხსასროლი იარაღის ამოღება, ნარკოდანაშაულის ფაქტები, განხორციელდა სხვადასხვა მძიმე დანაშაულში სავარაუდო დამნაშავე პირთა დაკავებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დანაშაულის თავიდან აცილების და საზოგადოების უსაფრთხოების მიზნით, საჭირო გახდა დამატებითი პრევენციული ღონისძიებების გატარება, იმ კონკრეტულ სიტუაციაში არსებული ოპერატიული ინფორმაციებიდან გამომდინარე, რაც დროის შეზღუდულობიდან და ოპერატიული საჭიროებების გამო არ იძლეოდა საშუალებას, მომხდარიყო საზოგადოების წინასწარი ინფორმირება.” - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საზოგადოების ცალკული წარმომადგენლებს განცდილი დისკომფორტის გამო, შსს-მ მადლობა გადაუხადა ღონისძიებების დროს პოლიციის მოქმედებათა სწორად გაგებისა და თანამშრომლობისათვის.

”ამავდროულად, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფების მიერ მუდმივად მიმდინარეობს შსს თანამშრომლების გადაცდომათა მონიტორინგი და პოლიციის წარმომადგენელთა ტრენინგი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში. შსს აცხადებს, რომ იგი რჩება ქართული საზოგადოების მიერ ყველაზე დიდი ნდობით აღჭურვილ, გამჭვირვალე და საზოგადოების სამსახურში მყოფ უწყებად.” - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები