საპრეზიდენტო კანდიდატები

ცესკოს სპიკერი: სალომე ზურაბიშვილისთვის გამონაკლისს ვერ დავუშვებთ

ცესკო

ცესკოს სპიკერის ეკა აზარაშვილის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია სალომე ზურაბიშვილისთვის გამონაკლისს ვერ დაუშვებს და კანონს ვერ დაარღვევს. მისი თქმით, ცესკოს თავმჯდომარის გადაწყვეტილება კონსტიტუციის 29-ე მუხლს ეფუძნება.

„მასში ნათქვამია, რომ საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის თანამდებობა არ შეიძლება დაიკავოს საქართველოს იმ მოქალაქემ, რომელიც ამავდროულად არის უცხო ქვეყნის მოქალაქე. სასამართლოს განმარტებით, თანამდებობის პირისთვის კონსტიტუციით გათვალისწინებული მოთხოვნები ვრცელდება იმ კანდიდატებზეც, რომელთაც სურთ ზემოაღნიშნული თანამდებობების დაკავება. ასე, რომ იმ დიდი პატივისცემის მიუხედავად კანდიდატების მსურველების მიმართ, რომელიც ცესკოს გააჩნია, ჩვენ ვერ დავუშვებთ გამონაკლისს და ვერ დავარღვევთ კანონს, რომელიც უზენაესია გადაწყვეტილებების მიღებისას", - განაცხადა ეკა აზარაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირებაზე ცესკო-მ უარი გუშინ უთხრა. პოლიტიკოსი აღნიშნულს სასამართლოში გაასაჩივრებს. ზურაბიშვილისთვის რეგისტრაციაზე უარს თქმას დღევანდელ პრესკონფერენციაზე პრემიერი ბიძინა ივანიშვილიც გამოეხმაურა. მისი თქმით, ხელისუფლება გავლენას არც ცესკო-ზე და არც სასამართლოზე არ მოახდენს. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ძალიან სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად ვერ დარეგისტრირდა, მაგრამ ისიც სამწუხაროა, რომ ზურაბიშვილი ცდილობს აქცენტები  ხელისუფლებაზე გადაიტანოს.

 

 

კომენტარები