ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი: ხელისუფლება ცესკო-ზე გავლენას არ მოახდენს

fb.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

საქართველოს პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ხელისუფლება გავლენას არც ცესკო-ზე და არც სასამართლოზე არ მოახდენს. როგორც ივანიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ძალიან სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად ვერ დარეგისტრირდა, მაგრამ ისიც სამწუხაროა, რომ ზურაბიშვილი ცდილობს აქცენტები  ხელისუფლებაზე გადაიტანოს. ივანიშვილის თქმით, თავად ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რისი უფლებაც არ აქვს, არ გააკეთოს. 

"ძალიან ფრთხილად ვეკიდები სასამართლოს, ვცდილობთ, რომ ბოლომდე ჩაიხსნას ძველი ხელისუფლების გავლენა.  ახალი ხელისუფლებიდან ვერავინ გაბედავს აზრად მოუვიდეს, რომ გავლენა მოახდინოს სასამართლოზე. ჩვენ უნდა მივაღწიოთ, რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი და იმედი ვიქონიოთ, რომ მომავლისთვის მაქსიმალურად სამართლიანი იქნება. ასევეა ცესკო და სააარჩევნო კანონმდებლობა. ეს არ არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა. სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, დავინტერესდი,ვესაუბრე უსუფაშვილს და სხვა პოლიტიკოსებს. მათ ვერ ნახეს გამოსავალი, რომ სწრაფად  შეიცვალოს რაღაც და სწრაფად  გაკეთდეს.  იძულებულები ვართ, როგორი სტრუქტურებიც გვაქვს, ისეთებს ვცეთ პატივი. ჩვენ რომ დავიწყოთ ზეწოლა ცესკო-ზე ან სასამართლოზე, მივიღებთ ახალ უბედურებას. შესაძლებელია და დასაშვებია, რომ იყო გამოსავალი და რომელიმე სტრუქტურამ ვერ ან არ მოახერხა. თუ რამე კანონდარღვევა იყო, მე პირადად ავიღებ ჩემს წილ პასუხისმგებლობას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირებაზე ცესკო-მ უარი გუშინ უთხრა. პოლიტიკოსი აღნიშნულს სასამართლოში გაასაჩივრებს.

კომენტარები