მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი

საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან და ფინეთთან სათამაშოდ ემზადება

Temur Ketsbaia
Tabula

6 და 10 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის დასკვნით მატჩებში, საფრანგეთის და ფინეთის გუნდებს უმასპინძლებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე, ჯვაროსნებმა ვარჯიში დაიწყეს. მოახლოვებულ მატჩებთან დაკავშირებით, თემურ ქეცბაიამ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"კარგია, რომ კარგი დონის ნაკრებებს ვეთამაშებით. საინტერესო თამაშები იქნება და იმედია, რომ გულშემატკივარი სტადიონზე მოვა არა მხოლოდ ერთ, არამედ ორივე მატჩზე. ჩვენთვის სიმართლე რომ გითხრათ, ორივე შეხვედრა მნიშვნელოვანია, რადგან დიდი ხნის შემდეგ, არსებობს შანსი რომ ჯგუფში მესამე ადგილი დავიკავოთ," - განაცხადა თემურ ქეცბაიამ.

პრესკონფერენციაზე ფინეთთან და საფრანგეთთან გასამართ მატჩებს, მხოლოდ მცირე დრო დაეთმო, შემდეგ კი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ქართულ ფეხბურთში არსებულ სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებზე ისაუბრა.

"ჩვენს ქვეყანაში, არ მიმაჩნია ლოგიკურად რომ მთავრობამ ერთი მილიარდი ჩადოს ფეხბურთში, მაგრამ თუ არ დავეხმარებით, ისე არაფერი გამოვა. მაშინ თითქოსდა წინა მთავრობის ეშინოდათ და ბიზნესმენები ფულს არ დებდნენ, მაგრამ ახლა რა ხდება? ეგ კი არა, ვინც იყო, ისინიც გაქცევაზე არიან," - განაცხადა ქეცბაიამ.

ჟურნალისტებმა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ლევან ყენიის გამოუძახებლობაზეც ჰკითხეს...

"არა მხოლოდ როგორც პიროვნება, როგორც ფეხბურთელიც არ გვაკმაყოფილებს, მასზე უკეთესი ფეხბურთელები გვყავს. დღესდღეობით ყენია ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც ჩვენ გაგვაჩნია," - განაცხადა თემურ ქეცბაიამ.

ნაკრებს ტრავმების გამო დავით კვირკველია, გიორგი ილურიძე და ლევან მჭედლიძე გამოაკლდნენ, რომლებსაც გიორგი ფოფხაძე, გრიგოლ დოლიძე და ირაკლი მოდებაძე შეცვლიან.

6 და 10 სექტემბერს გასამართი მატჩების ბილეთების შეძენა, გულშემატკივრებს მიხეილ მესხის სტადიონის და დინამო არენას სალაროებში შეეძლებათ. მათი ფასი კი 10, 15, 20 და 30 ლარს შეადგენს.

კომენტარები