მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი

უკეთეს შემთხვევაში, მეოთხე ადგილის იმედად

ტიმუ პუკი ალექსანდრე ამისულაშვილის წინააღმდეგ
uefa.com

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო საშინაო შეხვედრა ფინეთთან დათმო. თემურ ქეცბაიას გუნდს მესამე ადგილზე გასასვლელად დღევანდელ მატჩში აუცილებლად გამარჯვება ესაჭიროებოდა, თუმცა სტუმრებმა გაცილებით პრაგმატული ფეხბურთი აჩვენეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს.

თემურ ქეცბაიამ ფინეთის წინააღმდეგ ფაქტობრივად იდენტური შემადგენლობა დააყენა, რაც 7 სექტემბერს საფრანგეთთან სათამაშოდ გამოვიდა, ერთადერთი ცვლილება მეკარეს შეეხო - გიორგი ლორიას ნაცვლად, კარს ნუკრი რევიშვილი იცავდა. ჯგუფისა და მომავალი მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტის, საფრანგეთის წინააღმდეგ, საქართველოს ნაკრებმა სწორი ფეხბურთი ითამაშა, რაზეც თუნდაც ანგარიში მეტყველებს, თუმცა აბსოლუტურად იდენტური განლაგებითა და სტრატეგიით თამაში, როგორც აღმოჩნდა, ფინეთთან მცდარი გადაწყვეტილება გამოდგა.

შეხვედრა ქეცბაიას გუნდმა აქტიურად დაიწყო და პირველივე წუთებში მეტოქის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა. ამის შემდეგ, თამაში გათანაბრდა და აშკარად უფრო გოლის გასატანად მომართულ ქართველებს, შიგადაშიგ ფინელთა კონტრშეტევები ეპარებოდათ. აღსანიშნავია, რომ წესითა და რიგით მოგებაზე მოთამაშე საქართველოს ნაკრებს, მოედანზე ერთი ფორვარდი ნიკოლოზ გელაშვილი ჰყავდა, რომელიც ხშირ შემთხვევაში იმდენად უკან იწევდა, რომ მისი ამპლუის გარჩევა ჭირდა. საერთოდ, ყარაბაღის ფეხბურთელი დღეს ერთ-ერთი ყველაზე სუსტი იყო მოედანზე. მატჩის მეორე ნახევარში, ქეცბაიამ ინერტული გელაშვილი კი შეცვალა, მაგრამ მის მაგივრად კიდევ ერთი ნახევარმცველი ელგუჯა გრიგალაშვილი გამოიყვანა. ამის შემდეგ, 25 წუთის განმავლობაში, იქამდე სანამ ლადო დვალიშვილი არ გამოვიდა მოედანზე, ჯვაროსნები ფორვარდის გარეშე თამაშობდნენ და ეს იმ პირობებში, როდესაც გოლის გატანა ესაჭიროებოდათ.

მატჩის 74-ე წუთზე, საჯარიმო დარტყმის შემდეგ, მსაჯმა ჩათვალა, რომ ცოცხალ კედელში მდგომ დავით თარგამაძეს, ბურთი ხელზე მოხვდა და თერთმეტმეტრიანი დანიშნა. რომან ერემენკოს დარტყმის მოგერიება, მთელი შეხვედრის მანძილზე საკმაოდ დამაჯერებლად მოთამაშე ნუკრი რევიშვილმა ვერ შეძლო - 0:1. ამის შემდეგ, ერთ წუთში მოედნიდან ნაკრების კაპიტანი, ჯაბა კანკავა გააძევეს. ალბათ ამ მომენტამდე, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში საუკეთესო ფეხბურთელს, ნერვებმა უმტყუნა და შეიძლება ითქვას, რომ მსაჯს თავი "გააგდებინა". ამის შემდეგ, ფინეთის ნაკრების მწვრთნელმა მოედანზე შემტევთა რაოდენობა გაზარდა და კიდევ ერთ გოლზე ითამაშა, რომელიც უნდა ითქვას, რომ გავიდა კიდეც. 78-ე წუთზე, პუკის დარტყმული ხარიხას მოხვდა და შემდეგ კარის ხაზი გადაკვეთა, თუმცა მსაჯმა, როგორც ჩანს, ეს ვერ დაინახა. გამეორებაზე კი ნათლად გამოჩნდა, რომ გოლი გავიდა. ასეა თუ ისე, საქართველოს ნაკრები ოფიციალურად, ფინეთის გუნდთან 0:1 დამარცხდა და ახლა, უკეთეს შემთხვევაში, ჯგუფში მეოთხე ადგილისთვის იბრძოლებს.

შემდეგ შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები სტუმრად, ესპანეთის წინააღმდეგ, 15 ოქტომბერს გამართავენ.

კომენტარები