მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი

ესპანეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრებს ჯანო ანანიძე ვერ დაეხმარება

ჯანო ანანიძე
www.fc-rostov.ru

საქართველოს ეროვნული ნაკრები 15 ოქტომბერს ესპანეთის ქალაქ ალბასეტეში, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო შეხვედრაში, ვისენტე დელ ბოსკეს გუნდს დაუპირისპირდება. თემურ ქეცბაიას გუნდი ალბასეტეში 20-კაციანი შემადგენლობით იმყოფება. ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის ინფორმაციით, გუნდს გუშინ ბაქოს ინტერისა და ფამაგუსტას ანორთოსისის ფეხბურთელები - ბაჩანა ცხადაძე და შოთა გრიგალაშვილი შეუერთდნენ.

ირკვევა, რომ გუნდს მოახლოებულ შეხვედრაში ვერ დაეხმარება ძალიან კარგ ფორმაში მყოფი ჯანო ანანიძე, რომელიც რუსეთის ჩემპიონატის გასულ ტურში ერთ-ერთ საუკეთესო იყო. ფედერაციის ინფორმაციით, ანანიძე ნაკრებს პირადი მიზეზის გამო ვერ დაეხმარება. ზედმეტი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, ფეხბურთელი პატარა განცხადებასაც აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ძალიან რთული ოჯახური ვითარება შემექმნა და ამიტომ, რამდენიმე დღით საქართველოში დარჩენა მომიწია. მე არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, რომელსაც შეუძლია უმნიშვნელო მიზეზის გამო უარის თქმა ეროვნულ ან ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებაზე. ეს არც აქამდე გამიკეთებია და არც მომავალში ვაპირებ; მით უმეტეს, რომ გულშემატკივრებისგანაც ყოველთვის ვგრძნობ დიდ სითბოს და სიყვარულს. ნაკრების მაისურით თამაში ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება და პატივია, თუმცა, დღეს ჩემი ოჯახი განსაცდელშია და ვალდებული ვარ მათ გვერდში ვიყო. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩემი საქართველოში დარჩენის ერთადერთი მიზეზი ოჯახური მდგომარეობაა".

კომენტარები