ვანო მერაბიშვილის საქმე

სამინისტრო: მერაბიშვილის სტაციონარში გადაყვანის საჭიროება არ არსებობს

Vano Merabishvili appearing before the prosecutor’s office for interrogation.
Alexander Iskandarov

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს განცხადებით, ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი ამ მომენტისთვის ჯანმრთელობას არ უჩივის. სამინისტროს განარტებით, მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას პერიოდულად აკონტროლებენ სხვადასხვა პროფილის ექიმები, მათ შორის ფსიქიატრები. სამინისტროში აცხადებენ, რომ ბრალდებულის სტაციონარში გადაყვანის ჩვენება არ არსებობს. 

"ივანე მერაბიშვილის ადვოკატის მიერ გაკეთებული ხმამაღალი განცხადების მიუხედავად, სასჯელაღსრულების სამინისტროს ამ დრომდე რაიმე განცხადება ადვოკატის ან თავად ბრალდებულის მხრიდან არ მიუღია. მიუხედავად ამისა, მედიით გაკეთებული განცხადების საპასუხოდ, დღის განმავლობაში, ბრალდებულს პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევები დამატებით ჩაუტარდება. საზოგადოებას გვსურს ვაცნობოთ, რომ მაღალტექნოლოგიური კარდიოლოგიური გამოკვლევები სამოქალაქო ჯანდაცვის სექტორის წამყვანმა სპეციალისტებმა მას 2013 წლის 25-29 ივლისს ჩაუტარეს. გამოკვლევებისას, არანაირი ორგანული პათოლოგია არ გამოვლინდა" - ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში და აღნიშნულია, რომ სამინისტრო ვერ დაარღვევს პაციენტის უფლებებსა და კონფიდენციალურობის პრინციპს.

"თუმცა, ი. მერაბიშვილის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, მზად ვართ მისთვის ჩატარებული კვლევებისა და შედეგების შესახებ, სრული ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას", - აცხადებს სასჯელაღსრულების სამინისტრო.

ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა ექსპრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან გუშინ ისაუბრა. ადვოკატმა სასჯელაღსრულების სამინისტროს თხოვნით მიმართა, რომ მერაბიშვილთან სამოქალაქო საავადმყოფოს ექიმები შეუშვან ან ახლობლებს მიეცეთ მერაბიშვილის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გადაყვანის შესაძლებლობა. როგორც ჩივიაშვილმა აღნიშნა, ვანო მერაბიშვილს გულთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და მიუხედავად იმისა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამედიცინო პერსონალი გამოკვლევებს და მკურნალობას აწარმოებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება.

 

კომენტარები