ფარული ჩანაწერები

5 სექტემბერს მოდულის შენობაში პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა განადგურდება

პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის განადგურება 5 სექტემბერს , 15:00 საათისთვის დაიგეგმა. მასალა 181 საათისა და 30 წუთის ხანგრძლივობისაა. ამის შესახებ შსს-სთან შექმნილი სპეციალური კომისიის წევრი, ლაშა ტუღუში, საუბრობს.

ლაშა ტუღუშის თქმით, საქმე ეხება მხოლოდ პირადი ცხოვრების და ინტიმური ეპიზოდების განადგურებას, ხოლო ის მასალა, რაც გამოძიებისთვის საინტერესოა, არ წაიშლება.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლის, ეკა გიგაურის თქმით, განადგურების პროცედურა კანონისა და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად მოხდება. პროცესზე მედიის წარმომადგენლებს მოიწვევენ.

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის წევრი კახა კახიშვილი კი, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების განადგურებას ისევ ეწინააღმდეგება. კახა კახიშვილი კომისიის ერთადერთი წევრი იყო, რომელმაც ფარული ჩანაწერების 5 სექტემბერს განადგურების წინააღმდეგ მისცა ხმა. კახიშვილს მიაჩნია, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული მასალის განადგურებამდე უნდა მომხდარიყო იმ პირთა ვინაობის დადგენა, რომლებმაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებითა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით ინტიმური შინაარსის მასალები უკანონოდ გადაიღეს. 

"ის, რომ ეს მასალები ნადგურდება, ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები არ დაისჯებიან. არც საერთაშორისო და არც ქართული კანონმდებლობა არ იცნობს ასეთი ტიპის დანაშაულის ჩამდენთა დაუსჯელობას", - განუცხადა ჟურნალისტებს კახიშვილმა. 

კომისია გუშინ გაფართოებული შემადგენლობით შეიკრიბა. მასში არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი, პერსონალური ინფორმაციის დაცვის ინსპექტორი და მინისტრები - ირაკლი ღარიბაშვილი და თეა წულუკიანი, შედიოდნენ.

ფარული ჩანაწერები მოდულის შენობაში განადგურდება.

კომენტარები