ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი, დავით ბაქრაძე, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, პრემიერის გადაწყვეტილება ქვეყანასა და მოსახლეობას სიკეთეს ვერ მოუტანს.
"პირველი, ქართული ეკონომიკისათვის, რომელიც ისედაც ღრმა კრიზისის მდგომარეობაშია, ასეთი ტიპის განცხადება ძალიან სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, რადგან არასტაბილურობის განცდას აძლიერებს და ნებისმიერი უცხოელი ინვესტორის ან ქართველი ბიზნესმენისთვის, რომელიც ქვეყანაში ბიზნესის დაწყებას გეგმავს, ასეთი ტიპის განცხადება რამდენიმეთვიან გაურკვევლობას ნიშნავს. ასეთი ტიპის განცხადება ქვეყნისთვის ეკონომიკური კრიზისის საფრთხის შემცველია. მეორე ფაქტორი "ქართული ოცნების" მიერ გაცემულ წინასაარჩევო დაპირებებს უკავშირდება. დასამალი არ არის, რომ ქართველი ხალხის თვალში ეს დაპირებები და მათი შესრულება პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება. ამ დაპირებების დიდი ნაწილი დღემდე შეუსრულებელია. მაგალითისთვის, მე დავასახელებდი ასი გადამამუშავებელი საწარმოს შექმნას, 230 ლარიან პენსიას, იპოთეკარების დახმარებასა და კრედიტების დაფარვას.“ -აღნიშნა ბაქრაძემ.
ბაქრაძემ ასევე თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის წასვლა ნიშნავს იმას, რომ დაპირებები დაპირებებად დარჩება და მოსახლეობა ვერ მიიღებს იმას, რის გამოც ქართულ ოცნებას ხმა მისცა.
"კიდევ ერთი ფაქტორი გახლავთ ხელისუფლების დეფიციტის საფრთხე, რადგან ქვეყანა ძალიან სერიოზული საგარეო გამოწვევის წინაშე დგას. ნუ დაგვავიწყდება, რომ რუსეთის მხრიდან მცოცავი ოკუპაცია გრძელდება. ორი რეგიონი ოკუპირებულია, ნუ დაგვავიწყდება, რომ სირიის კრიზისს შესაძლოა სერიოზული გავლენა ჰქონდეს რეგიონზე და ქვეყანაზე, ნუ დაგვავიწყდება, რომ საქართველოში არსებობს შიდა სტაბილურობის პრობლემა. იმ პირობებში, როცა კოალიციაში შემავალ პარტიებს გააჩნიათ ძირეულად განსხვავებული ხედვა მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, ამ ყველაფრის გარანტორი ლეგიტიმურად ყველაზე მაღალი მხარდაჭერით არჩეული პრემიერმინისტრია. მისი წასვლის შემთხვევაში, ვშიშობ, რომ ქვეყანაში გადაწყვეტილების მიღების დეფიციტი შეიქმნება, რაც ქვეყანაზე უარყოფითად აისახება და არასტაბილურობას და ქაოსის განცდას გააძლიერებს", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.





