უგულავას საქმე

უგულავა: სასამართლო პროცესი ბოლის გამოშვებას ემსგავსება

თბილისის მერის, გიგი უგულავას განცხადებით, საქალაქო სასამართლოში პროცესი კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფისა და კონკრეტული პოლიტიკური ფიგურის დისკრედიტაციას ემსახურება.
უგულავამ ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში გამართული სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
უგულავამ განაცხადა, რომ აქამდე მას რიყის ტერიტორიის გამოსყიდვაში ედავებოდნენ, ახლა კი აღმოაჩინა, რომ 2006 წელს ამ ტერიტორიის გასხვისებაც არ მოსწონთ. მერმა აღნიშნა, რომ დღევანდელი დაკითხვა ბნელ ოთახში კატის დევნას გავდა.

"გასხვისება საჯაროდ მოხდა და ამ პროცესს მასმედია ესწრებოდა. ეს დაადასტურეს მოწმეებმა. იყო შეჯიბრებითობა. კომისიის წევრებმა სასამართლოს სხდომაზე აღნიშნეს, რომ ფისკალური ეფექტით იხელმძღვანელეს, რათა ბიუჯეტში მეტი თანხა შესულიყო. მაშინ მერია წინააღმდეგი იყო, ასევე მიწის მართვისა და განკარგვის კომისია, რომ რიყის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლები აშენებულიყო. დღეს იქ საზოგადოებრივი სივრცეა მოწყობილი და ეს ჩვენი ამოცანა იყო", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

უგულავას მიაჩნია, რომ პროკურატურას სურს სასამართლო პროცესი მის წინააღმდეგ წარიმართოს და მის მიმართ თითიდან გამოწოვილი ბრალდებები არსებობდეს.
"მხოლოდ ერთი მოწმეა, სახელად ჯოზეფ ქეი, რომელიც გამოძიებისათვის ერთგვარ ჯოკერს წარმოადგენს. სინამდვილეში, პროკურატურას დღესვე შეუძლია დაამთავროს გამოძიება და მისცეს სასამართლოს საშუალება მოიყვანოს ჯოზეფ ქეი და დაიკითხოს. ბუნებრივია, ამას არ აკეთებს", - აღნიშნა გიგი უგულავამ.

მისივე განმარტებით, სასამართლო პროცესები "ბოლის გამოშვებას" ემსგავსება. "მთავარია, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს თუ კონკრეტულ პოლიტიკურ ფიგურას ტალახი უნდა მოეცხოს. ეს არის ამოცანა დღიდან გამოძიების დაწყებისა", - აღნიშნა უგულავამ.

კომენტარები