ოკუპირებული ტერიტორიები

მაია ფანჯიკიძის თქმით, პუტინის ბიჭვინთაში ვიზიტი კიდევ ერთი პროვოკაციაა

facebook.com/maiapanjikidzeofficial

საქართველოს საგარეო უწყებამ  რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ბიჭვინთაში ვიზიტს პროვოკაცია უწოდა. მინისტრის, მაია ფანჯიკიძის, თქმით, საქართველოს მხარემ შესაბამისი საპროტესტო ნოტა შვეიცარიის გავლით რუსეთის ფედერაციას უკვე გაუგზავნა.

"რუსეთის პრეზიდენტის ბიჭვინთაში ვიზიტი განსაკუთრებით დღეს, კიდევ ერთი პროვოკაციაა. რასაკვირველია, ეს არის ჩვენს მიერ დაგმობილი, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის კიდევ ერთხელ ხელყოფა ასეთი გზით", - აღნიშნა ფანჯიკიძემ.

გუშინ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აფხაზეთს ეწვია და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს შეხვდა. რუსული მედიის ინფორმაციით, პუტინი მარიონეტული მთავრობის მეთაურს ალექსანდრე ანქვაბს ბიჭვინთაში შეხვდა. 

"საუბრის დროს ორი ქვეყნის ლიდერმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს", - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის აპარატი.

ბოლო კვირების განმავლობაში ანქვაბსა და პუტინს შორის ეს უკვე მეორე შეხვედრა იყო. პირველი ქალაქ სოჭში გაიმართა.  

კომენტარები