გია ნაცვლიშილის საქმე

გია ნაცვლიშვილი ბრალდებებს უარყოფს

www.radiotavisupleba.ge

ყოფილმა დეპუტატმა გია ნაცვლიშვილმა საგამოძიებო სამსახური დაკითხვის შემდეგ კომენტარის გარეშე დატოვა.  როგორც ჟურნალისტებს დაკითხვის შემდეგ ნაცვლიშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშილმა განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და ბრალდება აბსურდულია. როგორც მამუკა ჭაბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შპს "არტესი" თბილისში და არა მხოლოდ თბილისში ატარებდა სამშენებლო სამუშაოებს და ერთ-ერთი უბნის, კერძოდ, "აღმაშენებლის გამზირის აღდგენით სამუშაოებიც ჩაატარა.

ადვოკატის თქმით, "არტესის" დამფუძნებლებს შორის, რომლებსაც გამოძიება ედავება, მოიხსენიებენ გია ნაცვლიშვილს, რომელიც შპს-ს დამფუძნებელი არ ყოფილა და იგი კომპანიაში მხოლოდ კონსულტანტად მუშაობდა.

"გია ნაცვლიშვილი "არტესში" ასრულებდა კონსულტანტის ფუნქციას და მონიტორინგს უწევდა სამშენებლო სამუშაოებს. გამოძიება მას და მასთან ერთად ბრალდებულებს ედავება, თითქოს ფასები ხელოვნურად იყო გაზრდილი კომპანიის მომსახურებისთვის, რითაც მიითვისეს სახელმწიფო თანხები. ეს აბსურდია და ამას დავასაბუთებთ სასამართლოში", - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, გამოძიება ამტკიცებს , რომ ფულის გათეთრების მიზნით თბილისის განვითარების ფონდსა და შპს "არტესს" შორის შეთანხმება იყო დადებული, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებებიც არ არსებობს.

"მარტივად რომ ვთქვათ, მათ ედავებიან, თუ რატომ მიიღეს მოგება. კომპანიის საქმიანობისას, ზოგან ზარალი ფიქსირდება, ზოგან 10%-იანი მოგება. ისინი ერთმანეთს აბალანსებდნდნენ და საბოლოო ჯამში, "არტესი" 10-12% მოგებაში იყო. კერძოდ, ის თუ თანხმდებოდა მომსახურებას 100 ლარად და აკეთებდა უფრო ნაკლებ ფასად, ეს ჩაითვალა დანაშაულად. თუმცა, ყველა მოგება დაბეგრილია და კომპანიას მოგება ლეგალურად ჰქონდა მიღებული. ამაში გასაკვირი არაფერი არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ საწარმო მოგებაზეა ორიენტირებული", - განაცხადა მამუკა ჭაბაშვილმა.

რაც შეეხება საავადმყოფოების შესყიდვას, ადვოკატმა განმარტა, რომ მიღებული დივიდენდების ნაწილით, ასევე მიღებული ხელფასების ნაწილით, შეძენილ იქნა საავადმყოფოები, რაც ბრალდების მიხედვით "გათეთრებული თანხით" იყო შეძენილი.

მამუკა ჭაბაშვილმა განაცხადა, რომ "თბილისის განვითარების ფონდსა" და "არტესზე" სასამართლოში საქმის ნაწილი უკვე წარდგენილია, რომლის ფარგლებშიც პასუხისგებაში არიან მიცემული "არტესის" დირექტორი და ასევე "თბილისის განვითარების ფონდის" ხელმძღვანელი.

ადვოკატმა აქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ გია ნაცვლიშვილი "არტესში" მუშაობის პარალელურად გარკვეული დროის განმავლობაში ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი იყო, თუმცა ეს კანონდარღვევას არ წარმოადგენს.

"ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობა საჯარო მოხელეობას არ ნიშნავს, აქედან გამომდინარე, კანონი არ კრძალავდა, რომ ნაცვლიშვილს ბიზნესშიც ემუშავა, ეს არ მომხდარა მისი დეპუტატების, ან გუბერნატორად მუშაობის პერიოდში", - განაცხადა მამუკა ჭაბაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ გია ნაცვლიშვილი აღნიშნული საქმის ფარგლებში საგამოძიებო სამსახურში რამდენჯერმე უკვე დაკითხეს.

რაც შეეხება ბრალდების წარდგენის შემდეგ პროცედურებს, გია ნაცვლიშვილს ბრალის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში აღმკვეთ ღონისძიებას თბილისის საქალაქო სასამართლოში შეუფარდებენ.

გია ნაცვლიშვილს 4 052 108 ლარის მითვისებაში ადანაშაულებენ.

 

კომენტარები