სირიის კონფლიქტი

გაერო სირიაში შესაძლო ქიმიური შეტევის გამოძიებას მოითხოვს

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა კატეგორიულად მოითხოვა სირიის მთავრობისგან, დამასკოს გარეუბანში, სავარაუდო ქიმიური შეტევის ადგილზე, გაეროს ინსპექტორები დაუყოვნებლივ დაუშვას.

სირიის ავიაციამ, სავარაუდოდ, ქიმიური იარაღი ოთხშაბათს დილით, დამასკოს გარეუბანში გამოიყენა. რასაც, სირიის ოპოზიციის ცნობით, ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა.
ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეომასალებში ათეულობით დაღუპულია ნაჩვენები, რომლებსაც გარეგნულად ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ.

გაერო-ს უშიშროების საბჭომ საგანგებო სხდომა გამართა, რომელზეც განცხადების პროექტი იქნა წარმოდგენილი. დოკუმენტის თანახმად, გაერო თავისი ინსპექტორებისთვის დამასკოს აღმოსავლეთით მდებარე გუტას ოაზისში შეუზღუდავი შესვლის უფლებას მოითხოვდა, რათა მდგომარეობა ადგილზე შეესწავლა. მაგრამ, რუსეთმა და ჩინეთმა, რომლებიც ბაშარ ალ ასადის რეჟიმს გარეშე ჩარევისგან იცავენ, რეზოლუციის მიღება დაბლოკეს.

კვირას სირიაში გაერო-ს ინსპექტორთა ჯგუფი ჩავიდა, რომელმაც ის რამდენიმე ეპიზოდი უნდა გამოიძიოს, რომელიც ქიმიური იარაღის გამოყენების ეჭვებს იწვევს. ამ საკითხის სასწრაფოდ გამოძიება ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა მოითხოვეს.

კომენტარები