მე-9 არხის დახურვა

ივანიშვილი მე-9 არხის ჟურნალისტებზე: უმრავლესობა იყვნენ არაპროფესიონალები

ბიძინა ივანიშვილი
ტაბულა

"არცერთი ჟურნალისტი არ მიქირავებია მე არც BBC-დან და არც ცნობილი სხვა ტელევიზიიდან, აბსოლუტური უმრავლესობა იყვნენ არაპროფესიონალი ჟურნალისტები და ჩვენთან ისწავლეს, როგორც სასწავლებელში", - განაცხადა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მეცხრე არხისა და ინფო 9-ის ჟურნალისტების შესახებ. 

პრემიერმა აღნიშნა, რომ ჟურნალისტები ძალიან ცუდად მოიქცნენ, როცა მისი განცხადების გამოქვეყნებისთანავე ტელევიზია დახურეს. 

"ძალიან სამწუხარო იყო, როგორც მოიქცნენ ჟურნალისტები და ხელმძღვანელები, რომ საინფორმაციო გამოშვების შემდეგ დახურეს ტელევიზია. ამ დროს თვითონვე ჰქონდათ მათ განცდა, რომ ძალიან ბევრია მყიდველი. მე ვერ ვნახე ამის მსურველი ისეთი დახურული ქმედებით, როგორც მე ვქმედებდი, რომ არ გამომეწვია აჟიოტაჟი ტელევიზიის ირგვლივ და ამით ტელევიზიას ჩრდილი არ მიყენებოდა. მე ვახერხებდი ყველა პოტენციურ მყიდველთან საუბარს და საბოლოოდ ბოლო მყიდველმა უარი თქვა ბოლო პარასკევს და ამის შემდგომ მე მოველაპარაკე ქალბატონ ლუბა ელიაშვილს, გავაცანი მდგომარეობა, რომ ამაზე გვიან უკვე უხერხული იქნებოდა ტელევიზიის დახურვა და განცხადება გავაკეთეთ... მე მახსოვს, რამდენიმე რამ მთხოვა ქალბატონმა ლუბამ, როცა განცხადება გავუგზავნე. ერთი მთხოვა, რომ ამომეღო, რომ ინფო 9 იყო დროებითი პროექტი და ეს იცოდნენ, ვისაც ვქირაობდით ჩვენ და მე ეს რამდენჯერმე ვუთხარი ლუბას. მე ეს ამოვიღე, რაც მთხოვა. მეორე დამირეკა და მთხოვა, რომ ამომეღო ის, რომ მე ამას ჟურნალისტების გულისთვის ვაკეთებდი. მე ვკითხე რატომ უნდა ამოვიღო-თქო, ეს ხომ სიმართლეა და სისწორეა. ეს დამოკიდებულება მათ უნდათ, რომ გაბრაზებულები და განაწყენებულები იყვნენ. ჩემთვის ძალიან უცნაური იყო ჟურნალისტების რეაქცია და თვითონ ხელმძღვანელობის რეაქცია, რომ ადგნენ და მიახურეს არხი. ამ დროს შეიძლებოდა  თვითონ მიმტკიცებდნენ, რომ ძალიან ბევრია ყიდვის მსურველი, თუმცა მე ძალიან მეპარება ეჭვი ამაში, რომ სერიოზული მყიდველი იყოს. თუ იქნება, მე მოხარული ვიქნები. ძალიან გაუგებრად მოიქცნენ, რომ გათიშეს არხი. ძალიან კარგად იცოდნენ ჩემი დამოკიდებულება ტელევიზიასთან. მე საერთოდ არ ვაპირებდი გახსნას, თხოვება მინდოდა, თუ გახსოვთ ჩემი პირველი განცხადებები. მე ვიცოდი შედეგი, რომ ტელევიზიის დაჭერას არ ვაპირებდი. მინდოდა მეთხოვნა ტელევიზია, ამეშენებინა, ჩამედო ინვესტიციები და უკან მიმეცა უფასოდ იგივე მეპატრონისთვის. როდესაც არჩევნები დასრულდა, თქვენ ნახეთ ჩემი რეაქცია. მე მქონდა კარგი სურვილები, რომ ჟურნალისტები უმუშევრები არ ყოფილიყვნენ და ეს აპარატურაც გადამეცა არხებისთვის. ამაზე ნახეთ როგორი რეაქციაც მოჰყვა, მე ვცდილობდი, რომ ისე გამეკეთებინა, რომ არ დაზარალებულიყვნენ ჟურნალისტები და ტელევიზია. ერთი ზედმეტი ტელევიზია ყოფილიყო საქართველოში. ეს ვერ მოვახერხე, დაახლოებით ერთი მილიონი დოლარი ჯდებოდა ამ ტელევიზიის შენახვა თვეში და მე ამას ვაკეთებდი მხოლოდ იმიტომ, რომ ჟურნალისტები არ დაზარალებულიყვნენ.

მე აბსოლუტურად თანმიმდევრულად მოვიქეცი, სიტყვა ჰუმანურობას არ ვიხმარ. მაგრამ ესეთი დამოკიდებულება აბსოლუტურად გაუმართლებელი და შოკისმომგვრელი იყო ჩემთვის. ან სხვა ტელევიზიებზე ნაკლები ჰქონდა ვინმეს თქვენთან მომუშავეს, მე მგონია, პირიქით, მეტიც ჰქონდათ და ჭარბი თანამშრომლები იყვნენ. ეხლა ისეთი ხმებით საუბრობენ, რომ მე გამოვიყენე და ძალიან საწყენია ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ ამტკიცებს ეს იმას, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ამის მეტი დაჭერა ხელოვნურად აღარ შეიძლებოდა", - განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა. 

კომენტარები