მე-9 არხის დახურვა

მე-9 არხი შესაძლოა ზაზა ოქუაშვილმა იყიდოს

მეცხრე არხი

ომეგა ჯგუფის დამფუძნებელს ზაზა ოქუაშვილს ტელეკომპანია მე-9 არხის შეძენის სურვილი აქვს და ამ მიზნით მის მფლობელთან მოლაპარაკებებს იწყებს. ამ ინფორმაციას მე-9 არხის გენერალური დირექტორი ლუბა ელიაშვილიც ადასტურებს.

"ეს განცხადება მე ვნახე ინფო 9-ზე, სადაც ისინი ადასტურებენ, რომ სურთ მე-9 არხის შეძენა", - განაცხადა ელიაშვილმა ტაბულასთან საუბარში.

ელიაშვილის თქმით, ომეგა ჯგუფის მესაკუთრე ზაზა ოქუაშვილი, იმ სიხშირეს დაიბრუნებს, რომელიც მას ტელეკომპანია იბერიას მფლობელობის დროს ჰქონდა. შეგახსენებთ, რომ თავად ლუბა ელიაშვილი ტელეკომპანია იბერიას ხელმძღვანელი იყო.

ირაკლი ოქრუაშვილის პროკურორობის დროს,  2004 წელს ომეგა მოტორსის ცენტრალურ ოფისსა და მის საკუთრებაში არსებულ ყველა კერძო კომპანიაში, რომელთა შორის ტელეკომპანია იბერიაც შედიოდა, საგამოძიებო ოპერაცია ჩატარდა, რომლის დროსაც, საგამოძიებო სამსახურები ტელევიზიის შენობაში ყალბი აქციზური მარკების დანადგარებს ეძებდნენ. პროკურატურის მტკიცებით, ფირმა ომეგა ამ დანადგარებს კონტრაბანდული სიგარეტის რეალიზებისთვის იყენებდა.

მე-9 არხის და ინფო 9-ის შეძენის მიზნით, პარალელურად შეხვედრებს იწყებენ საინიციატივო ჯგუფები, რომელთაც პრემიერმინისტრს წერილობით მიმართეს, გადაეცეს ტელეკომპანია საზოგადოების იმ წევრებს, რომლებიც საინიციატივო ჯგუფებს ხელმძღვანელობენ, მათ შორის არიან ჟურნალისტები ია ანთაძე და შორენა შავერდაშვილი, ასევე ირაკლი კაკაბაძე, ლაშა ჩხარტიშვილი, ვასილ მაღლაფერიძე და სხვები.

საინიციატივო ჯგუფის წევრები ფონდის შექმნასაც აპირებენ და, შეგროვებული თანხით, პრემიერმინისტრის თანხმობის შემთხვევაში, საინფორმაციო საშუალებების გამოსყიდვას გეგმავენ.

კომენტარები