მე-9 არხის დახურვა

გიორგი კანდელაკი:”სამწუხაროდ საქართველოში ტელევიზიები გახსნის ნაცვლად იხურება”

www.radiotavisupleba.ge

ტელეკომპანია მე–9 არხის შესაძლო დახურვის საკითხს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ეხმაურება. ამ საკითხზე განცხადება უმცირესობის დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა გააკეთა.

“სამწუხაროა, რომ ვბრუნდებით იმ დროში, როცა საქართველოში ტელევიზიები გახსნის ნაცვლად იხურება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ პრემიერის მრჩეველმა, გია ხუხაშვილმა დაადასტურა რომ მე-9 არხი  სწორედაც რომ პოლიტიკური პროექტია, როცა მან აღნიშნა, არხის კომერციულ ორგანიზაციად გადაკეთებას დიდი დრო დასჭირდება.

 დარწმუნებულები ვართ, ბიძინა ივანიშვილი არ დახურავდა საკუთარი ოჯახის ტელევიზიას, რომ არ იყოს დარწმუნებული, რომ რომელიმე მთავარი ნაციონალური არხი არ გაატარებს მის პოლიტიკურ ინტერესებსა და ხაზს. თუ რომელი ტელევიზია ჩამოყალიბდება ივანიშვილის ჯიბის ტელევიზიად, ამას მომავალი გვაჩვენებს...

 ამ თვალსაზრისით, ასევე უნდა  გავიხსენოთ უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ქალბატონ ელისო ჩაფიძის 8 მაისის განცხადება, როდესაც მან მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტელევიზიების არსებობა დაადასტურა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამგვარ ტელევიზიად ქალბატონი ჩაფიძის მიერ  ნახსენები ერთ-ერთი ტელევიზია ჩამოყალიბდება.

 ამავე დროს, გვსურს გამოვხატოთ წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლო წლების განმავლობაში  ყველაზე დაბალანსებულ მაუწყებლად საყოველთაოდ აღიარებული საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი უკვე ექცევა "ქართული ოცნების" კონტროლქვეშ, რასაც აჩვენებს ყოველი არჩევნების წინ, ტრადიციულად ქცეული, ევროკავშირის ეგიდით ჩატარებული მედიამონიტორინგი. აღნიშნული მონიტორინგი დიდი ხანია სხვადასხვა მედიასაშუალების დაბალანსებულობის ყველაზე მიუკერძოებელ საზომად აღიარებულია.

 ამგვარი სავალალო მდგომარეობა გაკვირვებას არ იწვევს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შევარდნაძის ეპოქის ერთ-ერთი სიმბოლო დღეს კი პრემიერ-მინისტრის მრჩეველი კოკა ყანდიაშვილი ფაქტიურად წარმართავს საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკას და აქტიურად ერევა სიუჟეტების შინაარსში“, - აღნიშნა პარლამენტის წევრმა, გიორგი კანდელაკმა.

კომენტარები