საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

TI: გახმაურებულ საქმეებზე ბრალდება ხშირად მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს ეყრდნობა

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ბოლო თვეებში გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით სასამართლო პროცესებზე დაკვირვების შედეგად გამოკვეთილ ტენდენციებს აქვეყნებს. ბაჩო ახალაიას, გიგი უგულავას, დავით კეზერაშვილის, ვანო მერაბიშვილის, ირაკლი ოქრუაშვილის, ნიკა გვარამიას, თენგიზ გუნავას, მეგის ქარდავას, გეგი ქელბაქიანისა და არჩილ ჩოგოვაძის სასამართლო პროცესებს არასამთავრობო ორგანიზაცია 2013 წლის თებერვლიდან აკვირდება. 

შუალედურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ სასამართლო პროცესებზე მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები დაცული იყო. დაცვასა და ბრალდებას საკუთარი პოზიციების გამოხატვის თანაბარი საშუალება ჰქონდათ. მათ შეეძლოთ შეუფერხებლად ესარგებლათ საპროცესო კანონმდებლობით გარანტირებული უფლებებით.

"ბრალდება ძირითადად მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს ეყრდნობოდა. სხვა მტკიცებულება ანგარიშის მომზადების მომენტამდე წარმოდგენილი არ ყოფილა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა. რამდენიმე შემთხვევაში პროკურატურის მიერ მოწვეულმა მოწმეებმა მოგვიანებით ჩვენებები შეცვალეს. დაცვის მხარის ზოგიერთი წარმომადგენელი პროცესის შესახებ პოლიტიკურ განცხადებებს ავრცელებდა. პროცესებზე სასამართლომ სამჯერ გამოიყენა დისციპლინური ღონისძიება მხარეებისა და ბრალდებულის მიმართ. ყველა შემთხვევაში, როდესაც ბრალდებულებს სასამართლო პროცესის ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით ჩატარება შესთავაზეს, მათ უარი განაცხადეს შეთავაზებაზე იმ მოტივით, რომ საზოგადოებაში მათ შესახებ უკვე გარკვეული მცდარი აზრი იყო ჩამოყალიბებული, რაც ხელს შეუშლიდა სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას. სასამართლომ რამდენიმე შემთხვევაში წინასწარ არ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმ სხდომების შესახებ, რომლებზედაც აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი უნდა განხილულიყო. ასეთი პრაქტიკა ხელს უშლის გახმაურებული პროცესების საჯაროობას. ბაჩანა ახალაიას საქმეში, საზოგადოების დიდი ინტერესის არსებობის მიუხედავად, პროკურატურა შეეწინააღმდეგა სხდომის ვიდეოგადაღებას და ამ გზით პროცესის გასაჯაროებას. სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას, საზოგადოების წარმომადგენლები და ორგანიზებული ჯგუფები ბრალდებულების საწინააღმდეგო აქციებს მართავდნენ", - ნათქვამია ანგარიშში. 

 

კომენტარები