Wall Street Journal

ჰოკმარკი: ხელისუფლება რისკის ქვეშ აყენებს დემოკრატიას

wikipedia.org

Wall Street Journal-ი ევროპის სახალხო პარტიის ვიცეპრეზიდენტის გუნარ ჰოკმარკის წერილს აქვეყნებს, სათაურით - საქართველოს მყიფე დემოკრატიული პროცესი. ჰოკმარკი ამავე გამოცემაში 5 აგვისტოს საქართველოს პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქყევნებულ წერილს ეხება და აცხადებს, რომ რთულია იმის გაგება, თუ როგორ აღწევს პრემიერის ხელისუფლება "პროგრესს პრაგმატიზმის გზით".

ევროპის სახალხო პარტიის ვიცეპრეზიდენტის თქმით, ხარვეზების მიუხედავად, პრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობამ "დემოკრატიის საბოლოო ტესტი" ჩააბარა, რის დასტურადაც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მოჰყავს.

"ბატონმა ივანიშვილმა შეიძლება გააკრიტიკოს ოპოზიცია, მაგრამ ის ვერ უარყოფს, რომ მან ხელისუფლება მშვიდობიანად, დემოკრატიული არჩევნების შედეგად ჩაიბარა და ეს შეუძლებელი იქნებოდა იმ პროგრესის გარეშე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მმართველობისას იქნა მიღწეული. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახლა ქართული ოცნების ხელისუფლება იყენებს სამართლებრივ ინსტიტუტებს, რათა დააშინოს, შეავიწროოს და დააპატიმროს ოპოზიციის წარმომადგენლები, რითაც რისკის ქვეშ აყენებს დემოკრატიას", - აცხადებს ჰოკმარკი.

გუნარ ჰოკმარკი იხსენებს აპრილში, ფრანგულ გამოცემა Le Monde-თან საუბრისას ბიძინა ივანიშვილის კომენტარს, სადაც პრემიერი ოპოზიციის შესახებ აცხადებდა, რომ ისინი არიან იდიოტები, რომელთაც ვერ შეიგნეს, რომ მათი დრო წავიდა.

"მას შემდეგ ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი მიეცა პასუხისგებაში, დააკავეს და ციხეში ჩასვეს, მათ შორის, ქვეყნის ყოფილი პრემიერმინისტრი და ოპოზიციის ლიდერი ვანო მერაბიშვილი, რომელიც ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი კანდიდატი იყო. ყოველივე ეს საგანგაშოა და, რა თქმა უნდა, არაპრაგმატული გზა საქართველოს წინსვლისთვის", - წერს ჰოკმარკი.

 

კომენტარები