ტელეკომპანია მაესტრო

თეა სიჭინავა მაესტროდან იმედში გადასვლის შესახებ განცხადებას ავრცელებს

თეა სიჭინავა
თეა სიჭინავას facebook გვერდი

ტელეწამყვანი თეა სიჭინავა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია მაესტროდან, ტელეკომპანია იმედში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო, განცხადებას ავრცელებს. მაესტროს დამფუძნებელმა, დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ტელეკომპანიაზე ზეწოლის შესახებ ისაუბრა.

"მოქალაქე თეა სიჭინავას განცხადება: ეს განცხადება არ ეხება მაესტროს არც ერთ დამფუძნებელს და არც ერთ თანამშრომელს. მეგობრებო, მე კიდევ ერთ დაბრუნებას ვაპირებ, თბილისიდან დაახლოებით სამასი კილომეტრის რადიუსში, ქალაქ სოხუმში. იგივე ქუჩაზე, იგივე ფართში, იგივე ღირებულების ბინაში (ამას განსაკუთრებით ხაზს ვუსვამ) და იგივე მოქალაქეობრივი სტატუსითა და პრინციპებით, რითაც 21 წლის წინ იძულებით დავტოვე. რადგანაც ჩემს იმედში დაბრუნებას "გარკვეული" ვნებათაღელვა მოჰყვა, თავს ვიზღვევ და წინასწარ გატყობინებთ, რომ შემდგომ მოულოდნელი არ იყოს და ამაოდ არ დაშვრეთ "ფიქრით", შემთხვევით ოკუპანტმა მეზობელმა ხომ არ გადამიბირა. იმედში დაბრუნებაც იგივე განცდაა, რაც არგუნის 39-ში 21 წლის შემდეგ კარის შეღება. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ჩემი არჩევანი ყოველთვის დასაბრუნებელი ხდება. ასევე აქვე გაცნობებთ, რომ ჩემთან ერთად დაბრუნებას გეგმავს კიდევ 200 ათასი თანამოძმე. პატივისცემით, თქვენი თეა სიჭინავა", - წერს თეა სიჭინავა.

ტელეკომპანია მაესტროს მფლობელი ინტერპრესნიუსთან საუბარში აცხადებს, რომ მაესტროზე სისტემური შეტევა ხორციელდება.

"ტელეკომპანია იმედში გადავიდნენ: თეა სიჭინავა, არხის თოქ-შოუების მთავარი პროდიუსერი, არხის საინფორმაციოს მთავარი რეჟისორი, პოლიტიკური განყოფილების თითქმის ყველა პროდიუსერი. ამჟამად მოლაპარაკება მიმდინარეობს ნინო ჟიჟილაშვილთან და ეჭვი მაქვს, ძალიან ბევრ ადამიანთან, ვინც მაესტროს ეთერში ჩანს. ამ ეტაპისთვის მაესტრო საზოგადოებრივ-პოლიტიკური განყოფილების გარეშეა დარჩენილი და გამოცარიელებულია მთლიანად. ასევე ვიცი, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს საინფორმაციოს ჟურნალისტებთან, თუმცა ამას ვერ დავადასტურებ და არ მინდა ჭორაობა გამოვიდეს. იმედი მაქვს, რომ საინფორმაციოს მთავარი ბირთვი შენარჩუნდება, მაგრამ რაც შეეხება თოქ-შოუების განყოფილებას, ასეთი კატასტროფული ვითარება გვაქვს", - განუცხადა ინტერპრესნიუსს მამუკა ღლონტმა.

 

კომენტარები