ტელეკომპანია მაესტრო

კანდელაკი მაესტროს: განცხადება ეყრდნობოდა თქვენი თანამშრომლების კომენტარებს

გიორგი კანდელაკი
facebook.com/gkandelaki

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი ტელეკომპანია მაესტროს განცხადებას ეხმაურება, სადაც ის არხის ხელმძღვანელობამ ტყუილში დაადანაშაულა. კანდელაკი განცხადებას facebook-ის პირად გვერდზე აქვეყნებს:

"ტელეკომპანია „მაესტროს" სიცრუეში ვუმხილებივარ. სტრასბურგში გამოსვლისას ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობაზე საუბრის შემდეგ „მაესტროს" ამბებსაც შევეხე და ვთქვი, რომ ეს არხი ჟურნალისტების დიდმა ნაწილმა მთავრობის მხრიდან ზეწოლის გამო დატოვა. "პროქართული" ტელეკომპანია მადანაშაულებს, რომ ჟურნალისტებს, რომლებმაც იგი დატოვეს, ასეთი არაფერი უთქვამთ.

მაესტროს ხელმძღვანელობა რომ იზიარებდეს ზეწოლის ვერსიას, ის თანამშრომლები არ დატოვებდნენ ტელეკომპანიას და ხელმძღვანელობასთან ერთად იბრძოლებდნენ ზეწოლის წინააღმდეგ. ჩემი განცხადება ეყრდნობოდა იმ თანამშრომლების კომენტარებს, რომლებიც პირდაპირ და ღიად საუბრობდნენ ჩარევაზე. მაგალითად რამდენიმეს მოვიყვან:

1. „გვითხრეს, რომ ეს იყო არხის ხელმძღვანელობის საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა. ჩვენი პროტესტის მიუხედავად, გვითხრეთ, რომ გადაწყვეტილებას არ შეცვლიდნენ. სიცრუეა, რომ ყანდიაშვილს სხვა არხებთანაც ჰქონდა მოლაპარაკება. თათბირზე გვითხრეს, რომ ყანდიაშვილი უკვე ერევა არხის მენეჯმენტში და რომ მასთან ერთად იგეგმება 2015 წლის ბადე, თანხმდება პრომოუშენისა და მარკეტინგის, სარეკლამო შემოსავლების საკითხები. ეს არ არის მენეჯმენტში ჩარევა?!" - ამბობს სოფო კვინტრაძე (საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი). „ლიბერალი" 23.12.2014

2. NGO-ები: მაესტროში განვითარებული მოვლენები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სარედაქციო დამოუკიდებლობას
არასამთავრობო ორგანიზაციები - TI, GYLA, ISFED, CIDA და EPRC ავრცელებენ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ ტელეკომპანია "მაესტროში" განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არხის სარედაქციო დამოუკიდებლობასა და ჟურნალისტების პროფესიული თავისუფლების პრინციპების დაცვას, ასევე არღვევს „მაესტროში" დასაქმებულ პირთა საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებულ შრომით უფლებებს.
NGO-ების განცხადების მიხედვით, „მაესტროდან" წასული ჟურნალისტების განცხადებით, არხის ფაქტიური მფლობელი კოტე გოგელია ინტენსიურად ერევა არხის სარედაქციო საქმიანობაში, რაც ეწინააღმდეგება მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის და საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების კანონმდებლობით დადგენილ პრინციპებს.„ნეტგაზეთი" 25.12.2014

3. მამუკა ღლონტი - ხელისუფლების ერთ-ერთმა ფრთამ ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო
ტელეკომპანია "მაესტროს" თანამფლობელმა მამუკა ღლონტმა 16 აგვისტოს სოციალურ ქსელში გაავრცელა მოკლე განაცხადება, რომ „ხელისუფლების ერთ-ერთმა ფრთამ, მას შემდეგ რაც ვერ შეძლო "მაესტროს" დამორჩილება, დაიწყო ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლა "წესების გარეშე" და ცდილობს "მაესტროს" როგორც ერთ-ერთი მსხვილი მედიამოთამაშის თამაშგარე დატოვებას." მედია.ჯი 16.08.2013

დიდ მადლობას მოვახსენებ ტელეკომპანია „მაესტროს", რომ თვალ-ყურს ადევნებს ჩემს გამოსვლებს. გადაუმოწმებელი ფაქტებით პოლიტიკის კეთება თუ მათი ინტერესის საგანია, შემიძლია მივასწავლო დაწესებულება, რომელიც ამას non-stop რეჟიმში აკეთებს: საქართველოს მთავრობა", - განაცხადა კანდელაკმა.

ტელეკომპანია მაესტრომ განცხადება დღეს გაავრცელა, სადაც ის ევროსაბჭოში, 29 იანვარს, კანდელაკის განცხადებას გამოეხმაურა.

"ტელეკომპანია "მაესტრო" ეხმაურება ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, გიორგი კანდელაკის, გამოსვლას ევროსაბჭოში 29 იანვარს. საუბარია მედიის თავისუფლების შესახებ დებატების იმ ნაწილზე, სადაც კანდელაკმა განაცხადა, რომ გასული წლის 22 დეკემბერს „მაესტრო" თანამშრომელთა ნაწილმა იმ მოტივით დატოვა, თითქოს „მაესტროს" სარედაქციო დამოუკიდებლობაში რეგულარულად ერეოდა მთავრობის კანცელარიის წარმომადგენელი.

ტელეკომპანია "მაესტრო" აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი. მოუწოდებს ყველა პოლიტიკოსს, ნუ გამოიყენებენ მედიაში მიმდინარე პროცესებს საკუთარი პოლიტიკური ინტერესისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები