ტელეკომპანია მაესტრო

MDF: მაესტროს გადაწყვეტილება გამოხატვის თავისუფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვაა

მედიის განვითარების ფონდი (MDF) შემაშფოთებლად მიიჩნევს მაესტროს გენერალური დირექტორის ზურაბ ნაყეურის გადაწყვეტილებას, გადაცემების "საქმიანი დილა" და "ბიზნესკონტაქტის" პროდიუსერისა და ჟურნალისტებისთვის შრომითი კონტრაქტის შეჩერების თაობაზე. ჟურნალისტების გათავისუფლების მიზეზი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, გადაცემა "არჩევანში" მონაწილეობა გახდა.

"ვთვლით, რომ მაესტროს მენეჯმენტის ეს გადაწყვეტილება გამოხატვის თავისუფლების დაუსაბუთებელ შეზღუდვას წარმოადგენს, მით უფრო, როცა საქმე კოლეგების მიმართ ჟურნალისტური სოლიდარობის გამოხატვას ეხება. მომხდარი ადასტურებს, რომ საქართველოში ჟურნალისტთა პროფესიული უფლებრივი მდგომარეობა საკმაოდ მყიფეა, რაც მათ მფლობელების წინაშე პრაქტიკულად დაუცველად აქცევს" - აცხადებს მედიის განვითარების ფონდი.

ტელეკომპანია მესტროს გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ნაყეურმა მაესტროს ოთხ თანამშრომელს უფლებამოსილება შეუჩერა, რისი მიზეზიც 31 მაისს ამ ჟურნალისტების რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში ვიზიტი გახდა. ზურაბ ნაყეურის წერილში ნათქვამია:

"მე როგორც საზოგადოების დირექტორი ვიღებ გადაწყვეტილებას:

  1. ჩატარდეს შიდასამსახურებრივი მოკვლევა ფაქტზე 31 მაისს ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ეთერში გადაცემა "არჩევანში" შპს "სტუდია მაესტროს" მოქმედ თანამშრომელთა მონაწილეობის შესახებ.
  2. მოკვლევის დასრულებამდე შეუჩერდეთ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებამოსილება ტელეკომპანია მაესტროს შემდეგ თანამშრომლებს: თამუნა ქემერტელიძეს, თელარა გელანტიას, ელენე კვანჭილაშვილს და ბექა ბაციკაძეს". - ნათქვამია წერილში.

კომენტარები