ტელეკომპანია მაესტრო

მამუკა ღლონტი: ტელეკომპანია მაესტრო გამოცარიელებულია მთლიანად

"ტელეკომპანია მაესტრო ამ ეტაპისთვის საზოგადოებრივ-პოლიტიკური განყოფილების გარეშეა დარჩენილი", - ამის შესახებ არხის ერთ-ერთი მფლობელი, მამუკა ღლონტი, საუბრობს.

ღლონტის თქმით, ტელეკომპანია იმედში გადავიდნენ - თეა სიჭინავა, არხის თოქ-შოუების მთავარი პროდიუსერი, საინფორმაციოს მთავარი რეჟისორი და პოლიტიკური განყოფილების თითქმის ყველა პროდიუსერი. მოლაპარაკება ნინო ჟიჟილაშვილთანაც მიმდინარეობს,

"მაესტრო საზოგადოებრივ-პოლიტიკური განყოფილების გარეშეა დარჩენილი და გამოცარიელებულია მთლიანად. ასევე ვიცი, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს საინფორმაციოს ჟურნალისტებთან, თუმცა ამას ვერ დავადასტურებ და არ მინდა ჭორაობა გამოვიდეს. იმედი მაქვს, რომ საინფორმაციოს მთავარი ბირთვი შენარჩუნდება, მაგრამ რაც შეეხება თოქ-შოუების განყოფილებას, ასეთი კატასტროფული ვითარება გვაქვს", - აღნიშნა მამუკა ღლონტმა.

ღლონტის თქმით, თანამშრომლების იმედში გადასვლის მიზეზი "ის ზედმეტი ფულია, რომელიც იმედს ბიუჯეტში 16 მილიონის გადაუხდელობის გამო აქვს".  

"ეს არის სისტემური შეტევა მაესტროზე. ჩემთვის აბსოლუტურად მოულოდნელი იყო ყველას წასვლა - ეს გავიგე ერთ დღეს, ერთი სატელეფონო ზარით. აბსოლუტურად მოულოდნელი იყო ახალ სატელევიზიო სეზონამდე რამდენიმე დღით ადრე. ფაქტობრივად, ცაიტნოტში ჩაგვაგდეს", - ამბობს მამუკა ღლონტი. 

კომენტარები