სოციალური ქსელი

კვლევის მიხედვით, ფეისბუქის მოხმარებას ნეგატიური ფსიქოლოგიური შედეგი მოაქვს

Reuters.com

ფეისბუქი ადამიანებში კარგად ყოფნის შეგრძნებასა და ცხოვრებით კმაყოფილების განცდას ამცირებს, ამის შესახებ მიჩიგანის უნივერსიტეტის კვლევა მოგვითხრობს.

კვლევის მიხედვით, რომელიც ორი კვირის განმავლობაში ტარდებოდა, ფეისბუქმა შეიძლება მომხმარებელს ნეგატიური ფსიქოლოგიური შედეგი მოუტანოს. სოციალურ ქსელში მილიარდზე მეტი ადამიანია დარეგისტრირებული, მათგან ნახევარზე მეტი ყოველდღიური მომხმარებელია.

"გარეგნულად, თითქოს, ფეისბუქი ფასდაუდებელ როლს ასრულებს და ადამიანის ძირითად საჭიროებას - საზოგადოებასთან კომუნიკაციას უზრუნველყოფს. თუმცა, იმის ნაცვლად, რომ შედეგად ადამიანთა კეთილდღეობა გაზარდოს, პირიქით, ძირს უთხრის მას", - ამბობენ მკვლევრები.

კვლევის მონაწილეებმა უპასუხეს კითხვებს, რას გრძნობდნენ, რამდენად მოწყენილები და მარტოსულები იყვნენ და ფეისბუქს რა სიხშირით იყენებდნენ. მკვლევრებს ასევე აინტერესებდათ, რამდენად ჰქონდათ პირდაპირი ინტერაქცია ხალხთან - იგულისხმება პირისპირ შეხვედრა ან ტელეფონით საუბარი. შედეგმა აჩვენა, რომ მონაწილეთა დიდი ნაწილი საკონტაქტოდ იყენებდა ფეისბუქს, თუმცა, საუბრის შემდეგ თავს ძალიან ცუდად გრძნობდნენ.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მომხმარებლები ფეისბუქს მაშინ უფრო მეტად იყენებენ, როცა თავს მარტოსულად გრძნობენ. თუმცა, შეიძლება იმ მომენტში სულაც არ იყვნენ მარტო.

კვლევის მონაწილეთა თქმით, ისინი ფეისბუქზე მეგობრებთან ურთიერთობისთვის დარეგისტრირდნენ, ხოლო 23% - ადამიანების გასაცნობად. გამოკითხულთა სამი მეოთხედის თქმით, ისინი სოციალური ქსელის მეშვეობით, ნაცნობებს დადებით ინფორმაციას უზიარებენ, ხოლო 36% - უარყოფითს.

თუმცა, მკვლევრები დასძენენ, რომ არსებობს უამრავი კვლევა, რომელიც მომხმარებელზე ფეისბუქის დადებით გავლენას წარმოაჩენს.

კომენტარები