სოციალური ქსელი

ფეისბუქი დიზაინს ცვლის

ფეისბუქის სოციალურმა ქსელმა განახლებული დიზაინი წარმოადგინა. მარკ ზაკერბერგმა პრეზენტაციაზე რამდენჯერმე ახსენა „პერსონალიზებული გაზეთი“ იმის დასახასიათებლად, თუ რა გეზი აქვთ აღებული ფეისბუქის დიზაინერებს.

ცვლილებები ძირითადად news feed-ს შეეხება. დიზაინთან ერთად, შეიცვლება ფუნქციების განლაგება პირველ გვერდზე, ასევე, ახალი ამბების სორტირებასთან დაკავშირებული ფუნქციები.

სტანდარტულ ფუნქციებთან ერთად დაემატება ინფორმაცია მეგობრების, გამოწერილი გვერდების, ფოტოების, მუსიკის და ა.შ. შესახებ, რომელიც „timeline”-ზეა განთავსებული. ახლანდელ მდებარეობას იცვლის, ასევე, მეგობრობის შემოთავაზებების და შეტყობინებების ღილაკები, რომლებიც „ლურჯ ზოლზე“ მარჯვენა მხარეს გადავა.

შეიცვლება ფოტოებისა და ლინკების ზომაც. მთავარი გვერდის ახალი დიზაინი მთავარ აქცენტს ვიზუალურ მასალაზე გააკეთებს, იქიდან გამომდინარე, რომ გაზიარებული ინფორმაციის მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ ფოტოები შეადგენს.

განახლებული დიზაინი არა მხოლოდ ინტერნეტბრაუზერებისთვის, არამედ მობილური ტელეფონებისთვისაც შემუშავდა. ის უახლოეს მომავალში გამოჩნდება, თუმცა ზუსტი თარიღი არ სახელდება.

კომენტარები