რთველი

რთველი 2013: თუ კომპანია ყურძენს 1 ლარად ჩაიბარებს, ის მიიღებს სუბსიდიას

A woman collects grapes at a vineyard of Winery Khareba at the village of Sabue
David Mdzinarishvili / REUTERS

რთველი 2013-ის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაიწყო - ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ განაცხადა.

მისი თქმით, წლევანდელი რთველის მიმდინარეობისას სახელმწიფო თამაშის წესებს შეცვლის.

"იცით, რომ წინა პერიოდში სახელმწიფოს ჩარევა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და სახელმწიფო გამოდიოდა, როგორც ერთ-ერთი კონკურენტი მეღვინეობის სექტორისა. შევცვლით თამაშის წესებს. რთველი 2013 იქნება ისეთი, რომ გლეხი გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი, ხოლო წარმოება კიდევ უფრო თანამედროვე", - განაცხადა მინისტრმა.

სახელმწიფო აღარ ჩაიბარებს ყურძენს, ეს მოხდება მხოლოდ უკიდურეს შემოხვევაში - დაზიანებული ყურძნის ჩაბარებისას. ყურძნის ექსკლუზიური მიმღები იქნებიან კერძო კომპანიები. ასეთი იქნება დაახლოებით 80-მდე კერძო კომპანია.

კიდევ ერთი ცვლილება შეეხება ფასს - სახელმწიფო აღარ დააწესებს ყურძენზე ფასს, თუმცა, თუ კომპანია ყურძენს ჩაიბარებს 1 ლარად ან ლარზე მეტად, ასეთ შემთხვევაში ის მიიღებს სუბსიდიას სახელმწიფოს მხრიდან. ამისთვის სახელმწიფო დაახლოებით 25 მილიონ ლარს გამოყოფს.

"გაიცემა შეღავათიანი სესხები ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის. 15-თვიანი სესხი 12-15%-ად, აქედან 9%-ს ფარავს სახელმწიფო. ერთ ლარად ან უფრო ძვირად ყურძნის შეძენის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო, პირდაპირი დახმარების წესით, შესაბამისი თანხით, უზრუნველყოფს ღვინის მწარმოებელ კომპანიებს", - განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან დავითაშვილმა.

საქართველოს მთავრობამ რთველი 2013-ის ჩასატარებლად საკოორდინაციო შტაბი შექმნა, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს. საკოორდინაციო შტაბის შემადგენლობაში ასევე არიან სოფლის მეურნეობის, შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლები.

 

კომენტარები