რთველი

პრემიერი: მანავში შარშან ჩაბარებული ყურძნის თანხა ბიზნესმენმა მიითვისა

ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში შარშან ჩაბარებული ყურძნის თანხა ბიზნესმენმა მიითვისა. მან სოფლის მეურნეობის მინისტრს ოთარ დანელიას საკითხის მოკვლევა დაავალა.

"თუ საჭირო იქნება, ჩავრთოთ შესაბამისი უწყებები. ის, რომ სახელმწიფო საკმაოდ დეფიციტური რესურსის გამონახვას ახერხებს, რომ ჩვენ დავასუბსიდიროთ ყურძნის ჩაბარება, არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ვიღაცამ ბოროტად ისარგებლოს ამით", - თქვა კვირიკაშვილმა.

როგორც ოთარ დანელიამ პრემიერს უპასუხა, ეს პრობლემა სამინისტროსთვის ცნობილია.

"50-ზე მეტ მევენახეზეა საუბარი რამდენიმე სოფლიდან, 200 ათას ლარზე მეტი. საბოლოო ჯამში, იყო გამოძიება. არ გააჩნიათ ის აქტივები ამ კომპანიას, რომელიც დააკმაყოფილებს ამ დაზარალებულ ადამიანებს. თქვენს დავალებას მივიღებთ და მაქსიმალურად ვეცდებით, გამოსავალი ვიპოვოთ ისე, რომ მინიმალური იყოს ის ზარალი, რაზეც არის საუბარი", - თქვა დანელიამ.

კომენტარები