ახალაიას საქმე

ახალაიას განაჩენი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი

The trial of former Defense Minister Bacho Akhalaia.
Reuters

ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების განაჩენი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. საქმის განხილვა სრულად დამთავრებულია. მოსამართლემ განხილვების დასრულების შემდეგ გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე დღე ითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ბრალდებულმა ბაჩო ახალაიამ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. მისი თქმით, პროკურატურაში მის წინააღმდეგ ე.წ. 7 სპეცრაზმელის წამების საქმეზე მოიფიქრეს სცენარი, რათა მასზე გასულიყვნენ.

"წარმოდგენილი ბრალდება რეალობასთან ახლოს რომ ყოფილიყო, ვაღიარებდი და ამ ბიჭებს შარში არ გავხვევდი. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ის პირები, ვინც ამ საქმეში დაზარალებულად არიან ცნობილი, არიან ადამიანები, რომლებიც არც ახლანდელ ხელმძღვანელობას და არც არავის არაფერში გამოადგება. როგორც კი სასამართლო დამთავრდება, მათ საერთოდ არ ექნებათ არანაირი ფუნქცია. რაც შეეხება ჩემთან ერთად ბრალდებულებს, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ყველაზე წარმატებული სამხედროები არიან საქართველოში. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ბრალდებული ბიჭები ყველაზე წარმატებული სამხედროები არიან და ისინი მხოლოდ ჩემ გამო სხედან საბრალდებო სკამზე", - აღნიშნა ახალაიამ. 

მისი თქმით, საქმეში მის წინააღმდეგ ბრალდება უსაფუძვლოდ არის წარდგენილი და წამების ორგანიზება, რომელსაც აბრალებენ, რეალურად, რეინჯერის კურსის ნაწილია. 

პროცესის დაწყებამდე სასამართლოსთან საპროტესტო აქცია დაიწყო, რომელიც დღის ბოლომდე გაგრძელდა.არასამთავრობო ორგანიზაციის - ყოფილი პატიმრები ადამიანის უფლებებისათვის - ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე და კიდევ რამდენიმე ორგანიზაცია ახალაიას გამამართლებელ განაჩენს აპროტესტებენ. მხარდამჭერების შეურაცხყოფისთვის სამართალდამცავებმა პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულნი  ფრიდონ მერებაშვილი და გიორგი გაბედავა  დააკავეს.

 

კომენტარები