2008 წლის აგვისტოს ომი

ლაარი: NATO-ს იმედად ყოფნის პარალელურად, იარაღი მომართული უნდა გქონდეს

მარტ ლაარი

ესტონეთის ყოფილი პრემიერი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი მარტ ლაარი ესტონურ გამოცემა Postimees-ში სტატიას აქვეყნებს (რუსეთ-საქართველოს ომი - 10 გაკვეთილი ესტონეთისთვის).

"ბევრი დაიწერა ამის შესახებ... თუმცა, ბევრი კითხვა ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია. ასე მაგალითად: განსხვავებული ვერსიებია იმის შესახებ, თუ კონკრეტულად როდის დაიწყო და დასრულდა ომი; ვინ დაიწყო ის; ვის უნდა დაბრალდეს ომი. აქ, მე შევეცდები პოლიტიკური ასპექტები გვერდით გადავდო და ყურადღება გავამახვილო 10 გაკვეთილზე, რომელიც იმედია ესტონეთის თავდაცვას დაეხმარება", - წერს ლაარი.

ლაარი პირველ რიგში აღნიშნავს, რომ "მწარე სიმართლე სჯობს ლამაზ ილუზიას". იგი აღნიშნავს, რომ მაშინ როდესაც რუსეთი წლების განმავლობაში ემზადებოდა ომისთვის, "ქართული არმია ილუზიაში ცხოვრობდა".

"ფართო რუსული ინტერვენცია უკიდურესად წარმოუდგენლად ითვლებოდა და ეს არასდროს ყოფილა გათვალისწინებული ოპერაციის დაგეგმვის დროს. ამიტომ, რუსულ არმიასთან შეჯახება ქართველებისთვის სრულიად შოკისმომგვრელი და მოულოდნელი აღმოჩნდა; მრავალი დღის განმავლობაში, ისინი ცდილობდნენ ამ მდგომარეობიდან გამოსვლას", - წერს ლაარი. 

მარტ ლაარი ესტონეთისთვის მეორე გაკვეთილად ასახელებს იმას, რომ "ცენტრალური შტაბის მუშაობა და სწორი გეგმა ომის მიმდინარეობას განსაზღვრავს". მისი თქმით, რუსეთს აგვისტოს ომის ყველა დეტალი სკრუპულოზურად გათვლილი ჰქონდა. გეგმა ითვალისწინებდა იმას, რომ ქართველები იძულებული ყოფილიყვნენ დაეწყოთ შეტევა სამხრეთ ოსეთზე, მოგვიანებით კი ისინი ალყაში აღმოჩნდებოდნენ და ეს გაუადვილებდა რუსულ მხარეს, თავს დასხმოდა "სრულიად თავადცვისუუნარო ქართველებს".

"შედარებისთვის, საქართველოს გეგმები ძალიან ბუნდოვანი იყო. თავდაპირველი გეგმა მართლაც ითვალისწინებდა რუსული შეიარაღებული ძალების ლიმიტირებულ ინტერვენციას... თუმცა, თავდასხმა სამხრეთ ოსეთის დედაქალაქ ცხინვალზე დაგეგმილი არ იყო", - აცხადებს ლაარი.

მარტ ლაარი ესტონელებს იმასაც ახსენებს, რომ დაზვერვას დიდი მნიშვნელობა აქვს. მისი თქმით, რუსეთ-საქართველოს ომში, ორივე მხარე ზედმეტად თავდაჯერებული იყო დაზვერვის ინფორმაციასთან დაკავშირებით.

"რუსულ დაზვერვას აკლდა ზუსტი ინფორმაცია საქართველოს შესახებ და მათ სათანადოდ ვერ შეაფასეს საქართველოს მიერ წინააღმდეგობის გაწევის უნარი. ქართულ დაზვერვას ბევრი მონაცემი ჰქონდა რუსეთზე; თუმცა, აკლდა სწორი ანალიზი და მონაცემების დაჯგუფება", - წერს ლაარი.

ესტონეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი ასევე აცხადებს, რომ "ფსიქოლოგიური თავდაცვა მნიშვნელოვანია".

ომს წინ უსწრებდა რუსეთის ფართომასშტაბიანი საინფორმაციო თავდასხმა. ეს იყო მცდელობა მსოფლიოში საქართველო წარმოეჩინათ, როგორც პატარა, აგრესიული და არაპროგნოზირებადი ქვეყანა, რომელსაც გიჟები და მორალურად კორუმპირებული ნაძირლები მართავენ. ამასთან, შესაძლებელი გახდა საქართველოს იზოლირება მოკავშირეებისგან, როდესაც მისი (საქართველოს) გაფრთხილებები არასაიმედოდ ჟღერდა. ომის მიმდინარეობის ეტაპზეც საინფორმაციო ომმა გადამწყვეტი როლი ითამაშა, - აცხადებს ლაარი, მაგრა იქვე ამატებს, რომ სამართლიანად მიიჩნევს მოსაზრებას, რომ მართალია, რუსეთმა ომი მოიგო, მაგრამ საბოლოო ჯამში საინფორმაციო ფრონტზე მარცხს განიცდის. 

გარდა ზემოაღნიშნული ასპექტებისა, მარტ ლაარი ესტონელებს ურჩევს, ყურადღება გაამახვილონ ომის წარმოების ახლა მეთოდებზე, მაგალითად, კიბერშეტევებზე. მისი თქმით, საქართველოში ტანკების შეყვანის პარალელურად, რუსეთმა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა წამოიწყო.

ესტონეთის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით ლაარი აცხადებს, რომ აუცილებელია გამართულად მუშაობდეს სამედიცინო სისტემა. მისი თქმით, რუსეთ-საქართველოს ომის დროს სამედიცინო სერვისი ნორმალურად მუშაობდა, რასაც ისიც ადასტურებს, რომ სამხედროების მხოლოდ 3% დაიღუპა მიყენებული ჭრილობების შედეგად. 

ესტონელებისთვის მომდევნო გაკვეთილად მარტ ლაარი ასახელებს საჰაერო სივრცის კონტროლის მნიშვნელობას. ლაარი აცხადებს, რომ ქართული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა, თუმცა რადარების დაკარგვის შემდეგ, პრაქტიკულად, გამოუყენებელი გახდა. მისი თქმით, უფრო ეფექტური ჯარისკაცების მხრიდან მობილური საზენიტო იარაღის გამოყენება იყო.

ესტონეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი ასევე აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს ომმა იმის დემონსტრირება მოახდინა, რომ თანამედროვე ომში ტანკებსა და არტილერიას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება.

მარტ ლაარი აღნიშნავს, რომ "NATO-ს იმედად ყოფნის პარალელურად, იარაღი ყოველთვის მომართული უნდა გქონდეს".

"საერთაშორისო ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, საბოლოო ჯამში, მაინც საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეს. საქართველოს იმედი, რომ მას ვინმე აქტიურად დაეხმარებოდა, ომის დროს გაქარწყლდა. თუ ისინი თავად არ იბრძოლებდნენ და დაშვებული შეცდომებისა და არასასურველი სიტუაციის მიუხედავად, არ შეაჩერებდნენ რუსული ჯარის შეჭრას, საქართველოს სახელმწიფო განადგურდებოდა და ხელისუფლებაში სულ სხვა მთავრობა მივიდოდა. მიუხედავად დაშვებული შეცდომებისა, საქართველოს სახელმწიფო თავად ქართველებმა გადაარჩინეს", - წერს მარტ ლაარი.

 

 

კომენტარები